“ძალიან დიდი მადლობა. ერთად ყოფნით ამასაც გადავიტანთ და ბევრ სხვა ამბავსაც. გავასაჩივრებთ, ბრძოლა გაგრძელდება სამართლებრივიც და პოლიტიკურიც. ჩვენ რასაც ვემსახურებით, ეს არის ძლიერი საქართველო და ამას ადრე თუ გვიან ერთად მივაღწევთ. არაფერი დამთავრებულა. ხვალიდან ყველაფერი გრძელდება. ყველაფერი, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს. დღეს ვერ მოვკვდით და ვერ მოვკვდებით ვერც ხვალ, ვიღაცების გულის გასახეთქად”, – მიმართა ბაქრაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ქუთაისში შეკრებილ ნაც.მოძრაობის მხარდამჭერებს.
ნაციონლაური მოძრაობის წევრმა დეპუტატებმა სასამართლოდან პარლამენტის შენობაში გადაინაცვლეს, საიდანაც სავარაუდოდ, განცხადებებს გააკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა ყოფილ პრემიერს ვანო მერაბიშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, ხოლო ზურაბ ჭიაბერაშვილს- 20 ათასლარიანი გირაო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს დილიდან დაიწყეს შეკრება ყოფილმა პოლიტპატიმრებმა და იმ ადამიანებმა, რომლებიც სამართლიანობის აღდგენას, ვანო მერაბიშვილის დასჯას და ციხეში ჩასმას მოითხოვდნენ. პარალელურად ქუთაისში, წინასწარი დაკავების იზოლატორთან, სადაც იმყოფებოდნენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, მოიყარეს თავი “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ტერიტორიაზე თითქმის მთელი დღის მანძილზე პატრულირებდა პოლიციის გაძლიერებული შემადგენლობა. მათ გაკეთებული ჰქონდათ კორიდორი, თუმცა, ამის მიუხედავად, მცირე ინციდენტებს, ძირითადად, სიტყვიერ შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი დაპირისპირებულ მხარეებს შორის.