ახალი ამბები

დიპლომატები ჭიაბერაშვილს თავდებში უდგებიან

22 მაისი, 2013 • • 1242
დიპლომატები ჭიაბერაშვილს თავდებში უდგებიან

სერგო რატიანი და ზურაბ ჭიაბერაშვილი
სერგო რატიანი და ზურაბ ჭიაბერაშვილი

ამის შესახებ ნათქვამია დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში, რომელიც “ფეისბუქით” გავრცელდა:


“საქართველოს დიპლომატიური კორპუსის ყოფილი და მოქმედი წევრები შეშფოთებას გამოვთქვამთ ჩვენი ყოფილი კოლეგის, ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავების ფაქტის გამო. იმედს გამოვთქვავთ, რომ სამართლიანი და ობიექტური გამოძიება და სასამართლო უმოკლეს ვადაში დაადგენს სიმართლეს. გვჯერა რა, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილი ითანამშრომლებს გამოძიებასთან, თავდებში ვუდგებით ჩვენს ყოფილ კოლეგას და თხოვნით მივმართავთ შესაბამის ორგანოებს, არ შეუფარდონ ზურაბ ჭიაბერაშვილს თავისუფლების აღკვეთის ზომა. აქვე ვსარგებლობთ შემთხვევით და ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ ბატონი ზურაბის ოჯახს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:  საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, საგარეო უწყების ექს–ხელმძღვანელი ეკა ტყეშელაშვილი, ჩეხეთში საქართველოს ელჩი ნინო ნაკაშიძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროსაბჭოში მამუკა ჟღენტი,  ერვოკავშირში საქართველოს დიპლომატიური მისიის ყოფილი უფროსი სალომე სამადაშვილი, გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩი ალექსანდრე ლომაია, საქართველოს ელჩი ნატოში გეგა მგალობლიშვილი, საფრანგეთში საქართველოს ექს- ელჩი მამუკა კუდავა, ინდოეთში საქართველოს ელჩი ზურაბ კაჭკაჭიშვილი, იტალიაში საქართველოს ყოფილი ელჩი კონსტანტინე გაბაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე, აშშ–ში საქართველოს ექს- ელჩი თემურ იაკობაშვილი და სხვა დიპლომატები, მათ შორის – მამუკა გამყრელიძე, პაატა გაფრინდაშვილი, ნინო კალანდაძე, ნიკოლოზ ნათბილაძე, ნიკოლოზ ვაშაკიძე, ლევან დუჩიძე.

შეგახსენებთ, რომ ზურაბ ჭიაბერაშვილს, რომელიც გუშინ ექს–პრემიერ ვანო მერაბიშვილთან ერთად დააკავეს, ბრალად ედება სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა მუხლის [ამომრჩევლის მოსყიდვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3 წლამდე ვადით], 182 მუხლის მესამე ნაწილის  ბ ქვეპუნქტი [მითვისება- გაფლაგვა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 7- დან 11 წლამდე] და 332  მუხლის მეორე ნაწილი [სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5- დან 8 წლამდე]  მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. საუბარია დასაქმების პროგრამაზე, რომელზეც პროკურატურა რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოებდა გამოძიებას.  

ქუთაისის საქალაქო სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე დღეს იმსჯელებს. ცნობილია, რომ პროკურატურა ჭიაბერაშვილის დაპატიმრებას მოითხოვს. ჭიაბერაშვილმა დიპლომატიური საქმიანობა 2005 წლიდან დაიწყო. 2005-2010 წლებშიი იგი იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში. 2011-12 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტაინში.

მასალების გადაბეჭდვის წესი