ახალი ამბები

აშშ-ისა და საქართველოს სამუშაო ჯგუფის განცხადება – შეფასებები საქართველოში

13 სექტემბერი, 2017 • 1904
აშშ-ისა და საქართველოს სამუშაო ჯგუფის განცხადება – შეფასებები საქართველოში

ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში გამშვები პუნქტების ჩაკეტვასთან დაკავშირებით აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის განცხადებას ქეთევან ციხელაშვილი ეხმაურება.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი აღნიშნულ ფაქტს აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთ გამოვლინებად აფასებს. მისი თქმით, აშშ არ ეგუება იმ მოცემულობას, რომელიც წლებია ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებობს.

„ამ კონკრეტული ჩანაწერით კიდევ ერთხელ დაფიქსირდა პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიუღებელია საქართველოს ტერიტორიების შუაგულში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სხვადასხვა დაბრკოლებების და ბარიკადების მშენებლობა, ექნება ამას ბარიკადების, თხრილების, ბანერების თუ სხვა ფორმა. ძალიან ბევრ ადამიანს ყოველდღიური პრობლემა ექმნება და ეს არ არის ის, რასაც შეეგუება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი აშშ. მგონია, რომ ეს არის კიდევ ერთი გამოხატულება მკაფიო მხარდაჭერისა“, – აღნიშნა ციხელაშვილმა „მაკკეინის ინსტიტუტისა“ და „ეკონომიკის კვლევის ცენტრის“ საერთაშორისო კონფერენციაზე გამოსვლის შემდეგ, სადაც რუსულ ოკუპაციასთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრა.

თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის განცხადება დადებითად შეაფასა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმაც, თუმცა მან ოკუპაციის პრობლემასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის უმოქმედობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველომ „ „ქართული ოცნების“ მცდარი პოლიტიკის პირობებში“ ამ კუთხით წლები დაკარგა.

„რუსეთის ქმედება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადასტურებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკის სიმცდარეს, რომ ამ პრობლემების წაყრუებით და საერთაშორისო დღის წესრიგიდან საქართველოს დღის წესრიგის მოხსნით რუსეთი მოიქცეოდა უფრო დამთმობად. ამ პირობებში, როდესაც არ ხდება ამ საკითხებზე ხმამაღლა ლაპარაკი საერთაშორისო არენაზე „ქართული ოცნების“ მიერ და რუსეთი არ იხდის შესაბამის ფასს, ის უფრო თავხედურად და აგრესიულად იქცევა“.

აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის განცხადება დღეს გავრცელდა. დოკუმენტის მიხედვით, აშშ შეშფოთებას გამოხატავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამშვები პუნქტების დახურვის გამო და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მხარდაჭერას უცხადებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი