ამის შესახებ მან დღეს, 20 მაისს სასტუმრო “თბილისი–მარიოტში” მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისიის შექმნის კანონპროექტის შესახებ გამართულ საზოგადოებრივ ფორუმზე განაცხადა.


ადვოკატის თქმით, რადგან ჯერ კანონპროექტის საბოლოო სახე არ არის მიღებული, მისი შეფასება რთული იქნება, თუმცა არსებობს  აუცილებელი კრიტერიუმები, რომლებიც უნდა იყოს გათვალისწინებული.


“პირველ რიგში, ეს კომისია არ უნდა იქცეს სასამართლო ხელისუფლების  ჩანაცვლების ინსტიტუტად სახელმწიფოში”.


რაც შეეხება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის საქმეების განხილვას კომისიის მიერ, მშვენიერაძის განცხადებით, ეს ძალიან საფრთხილო საკითხია.


“ისეთი გამოსავალია მოსაძებნი, რომ ერთი მხრივ, თუ იყო უსამართლო გადაწყვეტილებები ამ პირთა მიმართ, მათი უფლებები უნდა იყოს დაცული სახელმწიფოს მიერ და მეორე მხრივ, არ მოხდეს კერძო პირთა ინტერესების შელახვა “, – აცხადებს მშვენიერაძე.


მისი თქმით,  არც ერთი მოსამართლის სისხლის სამართლებრივი საკითხი არ უნდა დადგეს იმის გამო, რომ ვინმე მიიჩნევს: მათ შესაძლოა, უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანეს. მშვენიერაძის თქმით, თუკი მათი მხრიდან იყო კანონდარღვევა და არა კანონის არასწორად განმარტება,  ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს სადისციპლინო კომიტეტმა უნდა იმსჯელოს, თუმცა აქაც არსებობს გარკვეული ხანდაზმულობის ვადა.


შეგახსენებთ, რომ დღეს იუსტიციის სამინისტრომ ზემოთ ხსენებული კომისიის შექმნისა და მისი უფლებამოსილების ამსახველი კანონპროექტი გაასაჯაროვა, რომელიც ვენეციის კომისიასაც გადაეგზავნა. კანონპროექტის საბოლოო რედაქციის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია ცხრა წევრისგან შედგება და სამი წლის ვადით იქმნება. კომისიის უფლებამოსილება შეეხება 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კომისიაში საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება მისი პირველი ოფიციალური სხდომის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში.


კომისიას შეეძლება მხოლოდ ის სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლოს, რომლებზეც მომჩივანს ამოწურული აქვს სამივე სასამართლო ინსტანცია, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საქმეზე საპროცესო შეთანხმება იქნა დადებული. თუმცა, ამ საქმეებზე, მომჩივანმა კომისიას საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს იმის დასადასტურებლად, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულ იქნა მუქარის, მოტყუების ან ძალადობის შედეგად. ამასთან, კომისია მხოლოდ იმ საქმეებს შეისწავლის, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ეხება, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულების საქმეები მაშინ გახდება კომისიის განსჯადი, თუ მომჩივანს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა დანიშნული და მან ის მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხადა. გარდა ამისა, საჩივარი დასაშვები იქნება, თუ მომჩივანი პირველი ინსტანციის განაჩენის მომდევნო ინსტანციებში გასაჩივრებისას ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.


კანონპროექტის მიხედვით, კომისიის წევრებს და კომისიის თავმჯდომარეს, საპარლამენტო ფრაქციების წარდგინებით, კომისიის მოქმედების ვადით, სრული შემადგენლობის ორი მესამედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოსპ არლამენტი ამ კანონის ძალაში შესვლიდან 4 კვირის ვადაში. კანდიდატებს კენჭი ეყრებათ ცალ–ცალკე. თუ კენჭისყრის პირველ ტურში ვერ შეივსო ყველა ვაკანსია, კენჭისყრის მომდევნო ტურებში არჩეული გამოვლინდება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობით. კომისიის წევრებისა და თავმჯდომარის არჩევნები ტარდება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *