ფორუმზე ქართული არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე, სასამართლოს, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნული კომისიის ფორმირების კანონპროექტის ინსტიტუციურ და პროცედურულ საკითხებს განიხილავენ. 


მართლმსაჯულების ხარვეზების დროებითი სახელმწიფო კომისიის შესახებ კანონპროექტი  იუსტიციის სამინისტრომ შეიმუშავა და  ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოს ორ ექსპერტს დასკვნისათვის უკვე გადაუგზავნა.


კანონპროექტის საბოლოო რედაქციის მიხედვით, მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი დროებითი სახელმწიფო კომისია ცხრა წევრისგან შედგება და სამი წლის ვადით იქმნება. კომისიის უფლებამოსილება შეეხება 2004 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 ნოემბრამდე სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილ სასამართლო გადაწყვეტილებებს. კომისიაში საჩივრის შეტანა შესაძლებელი იქნება მისი პირველი ოფიციალური სხდომის ჩატარებიდან 3 თვის ვადაში.


კომისიას შეეძლება ის სისხლის სამართლის საქმეები შეისწავლოს, რომლებზეც მომჩივანს ამოწურული აქვს სამივე სასამართლო ინსტანცია, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ საქმეზე საპროცესო შეთანხმება იქნა დადებული. თუმცა, ამ საქმეებზე, მომჩივანმა კომისიას საკმარისი მტკიცებულებები უნდა წარუდგინოს იმის დასადასტურებლად, რომ საპროცესო შეთანხმება დადებულ იქნა მუქარის, მოტყუების ან ძალადობის შედეგად. ამასთან, კომისია მხოლოდ იმ საქმეებს შეისწავლის, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებს ეხება, ხოლო ნაკლებად მძიმე დანაშაულების საქმეები მაშინ გახდება კომისიის განსჯადი, თუ მომჩივანს საპატიმრო სასჯელი ჰქონდა დანიშნული და მან ის მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხადა. გარდა ამისა, საჩივარი დასაშვები იქნება, თუ მომჩივანი პირველი ინსტანციის განაჩენის მომდევნო ინსტანციებში გასაჩივრებისას ითხოვდა გამამტყუნებელი განაჩენის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის გამოტანას.


სანდრო ბარამიძე
სანდრო ბარამიძე

დღეს, 20 მაისს “თბილისი–მარიოტში” გახნილ ფორუმს ესწრება იუსტიციის მინისტრის მოადგილე სანდრო ბარამიძე. მისი განცხადებით, მიუხედავად მათი მოსაზრებისა, რომ კანონპროექტი უკვე სრულყოფილია, ისინი სიამოვნებით მოისმენენ საზოგადოების მოსაზრებებს.

 

“კანონპროექტი უკვე გადაეგზავნა ვენეციის კომისიას და ჩვენი ინფორმაციით კომისიის დასკვნა ივნისის შუა რიცხვებისთვის გახდება ცნობილი. მანამდე კონსულტაციები სამოქალაქო სექტორთან გაგრძელდება და დღევანდელი შეხვედრა ამის ნათელი მაგალითია”, – განაცხადა ბარამიძემ.

 

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდება, კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში შევა განსახილველად.

 

“მთავარი და ყველა პრინციპული საკითხი არის ის, რომ კომისია არ განიხილავს სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებს და მხოლოდ სისხლის სამართლებრივ საკითხებს განიხილავს. აქედან გამომდინარე, შემცირდა კომისიის წევრთა რაოდენობა და დავიდა 9 ადამიანამდე”, – ამბობს იგი.

 

“საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) ხელმძღვანელი კახა კოჟორიძე კანონპროექტში შეტანილ ამ უკანასკნელ ცვლილებებს არ ეთანხმება. კოჟორიძის თქმით, ზოგადად, ამ კანონპროექტის იდეას საია მხარს უჭერს, რადგან სამართლებრივ სისტემაში ხარვეზები ნამდვილად არსებობდა.

 

კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

“პირველი, რაც მნიშვნელოვანია, არის ის, თუ ვინ იღებს გადაწყვეტილებებს. კარგია, რომ კანონპროექტში წერია: საბოლოო გადაწყვეტილებებს იღებს სასამართლო. ჩვენი მოთხოვნა იყო, რომ გაზრდილიყო სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე მიმართვის შესაძლებლობა, თუმცა ჩვენ ამის საწინააღმდეგო შედეგი დავინახეთ. დღევანდელ კანონპროექტში საერთოდ არის ამოღებული სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმიანობაზე მიმართვიანობა, რასაც, ცხადია, მხარს არ ვუჭერთ”, – განაცხადა კოჟორიძემ.

 

საიას თავმჯდომარე ასევე,არ ეთანხმება კომისიის წევრთა რაოდენობის ცხრამდე შემცირების გადაწყვეტილებას, რადგან, მისი თქმით, თავის დროზე ამ კანონპროექტის შექმნის განმაპირობებელი მიზეზი იყო ათასობით მოქალაქის მიმართვა და შესაბამის უწყებაში შეტანილი საჩივარი. 9–კაციანი კომისიის მიერ ამ რაოდნეობის საქმეების განხილვა თუნდაც 3–წლიან პერიოდში კოჟორიძეს წარმოუდგენლად მიაჩნია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *