ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე ჯანელიძის აზერბაიჯანში ვიზიტს ეხმაურება

8 სექტემბერი, 2017 • 5663
აფხაზური მხარე ჯანელიძის აზერბაიჯანში ვიზიტს ეხმაურება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყება განცხადებით ეხმიანება საქართველოს, თურქეთის და აზერბაიჯანის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრას, რომელიც 2017 წლის 6 სექტემბერს ბაქოში შედგა.

დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადების მიხედვით, კონფლიქტების პოლიტიკური დიალოგით გადაჭრის საერთაშორისო პრინციპები, რომლის მიხედვითაც ყველა მხარის პოზიცია უნდა იქნას გათვალისწინებული, მისასალმებელი და მისაღებია, “თუმცა ქართული მხარე ამას მხოლოდ ფორმალურად აკეთებს”.

აფხაზური მხარე აცხადებს, რომ “მრავალი წლის განმავლობაში ქართულ მხარეს მოუწოდებენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმების შემუშავებისკენ, თუმცა- უშედეგოდ. საქართველოს მხარე ყოველთვის კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა, თუმცა პრაქტიკულად ხელს არ აწერს აფხაზეთის მიმართ სამხედრო ძალის გამოუყენებლობის დოკუმენტს”.

“ამ პირობებში მაღალი რანგის ქართველი პოლიტიკოსების მრავალრიცხვოვანი განცხადებები მცირედ ნდობასაც არ იწვევს და არც იურიდიული ძალა გააჩნია” – წერია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

საქართელოს, აზერბაიჯანის და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბაქოში 2017 წლის 6 სექტემბერს შეხვდნენ. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ კონფლიქტებსა და გამოწვევებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი