“ესაა ინსპირირებული გარკვეული ძალების მიერ. ეს ორგანიზაცია, “ლჯბპ” თუ რაღაც კიდევ ასოციაცია… არც მინდა მაგათი სახელის ხსენება, ჭრელ დროშებს რომ აფრიალებდნენ, ფულის გულისთვის სხეულს გაყიდიან”, – ამ სიტყვებით მოიხსენია საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დღეს “რუსთავი 2”-ის ეთერში პირდაპირი ჩართვის დროს დღევანდელი აქციის ორგანიზატორები.
საგანელიძემ მადლობა გადაუხადა პოლიციას:
“პოლიციამ, რაც 9 წლის განმავლობაში არ ხდებოდა, დღეს გვაჩვენა, რომ ძალიან სერიოზული საქმე გააკეთა და მადლობა მინდა გადავუხადო მათ. ის ადამიანები და არ ვიცი, რამდენი ათეული – 10, 20, 40, 50, მათი არ დარჩებოდა, ალბათ, ერთი ძვალი მთელი დღეს, რომ პოლიციას არ ევაჟკაცა და მათ სანამ შეძლეს, რომ ათასობით თუ ათიათასობით ადამიანი შეეჩერებინათ, ისინი თავიანთ აქციას თუ რასაც ატარებდნენ, ატარებდნენ.
როცა გაირღვა ეს კორდონი, მათ მოახერხეს, რომ ეს ადამიანები ჩაესვათ ავტობუსებში და საღსალამათები და ჯანმრთელები გაეყვანათ ადგილიდან და ის, რომ პოლიციელები დაშავდნენ პირველ რიგში და პოლიციამ მიიღო თავის თავზე ასეთი დარტყმა და ეს ადამიანები, ვისი გულისთვისაც ატყდა ეს ყველაფერი, საღსალამათები არიან და კიდევ იქ რაღაც პრეტენზიებს აყენებენ, ეს პოლიციის დამსახურებაა”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
მისივე თქმით, “დასასჯელი ისაა, ვინც ამის ინსპირირება გააკეთა”:
“ეს რომ მართულია, ამის უკან რომ რაღაც ძალები დგას, გარკვეული ფინანსები, ეს არის შესასწავლი. თუ საიდან ფინანსდება ასეთი ორგანიზაციები, ვისგან ფინანსდება და რა ინეტერსებია. ის, რომ საზოგადოებამ ვერ მიიღო ამ პატარა ჯგუფის იდეოლოგია და საზოგადოება ამას აღშფოთებით შეხვდა, გასაგებია. პოლიციამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ 10-20-30 კაცი, ავტობუსში რომ ისხდნენ იქ ბედნიერი სახეებით, იქიდან გაეყვანათ და თვითონ დაზიანდა. რა უნდა გაკეთებინა პოლიციას? – ის ხალხი, ვინც აღშფოთებული იყო ამათი თავხედობით, რეზინის ტყვიები დაეშინა თუ გაზი? პოლიციამ თავის თავზე მიიღო დარტყმა და ხალხი დაიცვა”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
საგანელიძის თქმით, მოვლენების განვითარება დამოკიდებულია იმაზე, რომ “ლჯბპ თუ რაც არიან, თავი დაანებონ ადგილ-ადგილ აქციების მოწყობას და ხალხის გაღიზიანებას… არც მინდა მაგათი სახელის ხსენება იმიტომ, რომ ქვეყნისთვის მაგათ სასიკეთო არაფერი არ მოაქვთ, არც ქვეყნისთვის, არც ოჯახისთვის, არც მომავლისთვის, არც ტრადიციისთვის და საერთოდ, არც არაფრისთვის დედამიწაზე სიკეთისთვის ეგ ხალხი რომ არ არის მომართული, აშკარაა, მაგრამ ფული რომ იშოვონ, ეგ გასაგებია. ამიტომ ესენი დღეს კიდევ შეეცდებიან დაძაბონ სიტუაცია.
“იდენტობას” ნამდვილად უნდა ეყოს ჭკუა, რომ წავიდეს, სახლში შევიდეს, ან სადაც უნდა იქ წავიდეს და ქუჩაში სიარულს თავი დაანებოს და ხალხის ზედმეტად გაღიაზიანებას”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.
რედაქციის შენიშვნა: საგანელიძის დისკრიმინაციულ და ჰომოფობიურ კომენტარებს გთავაზობთ მხოლოდ იმიტომ, რომ ის არის საჯარო ფიგურა, მმართველი გუნდის ლიდერი პარლამენტში და სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს მისი მოსაზრებები ამ საკითხზე.