ახალი ამბები

ილიას ზუროსის პრესკონფერენცია ისრაელთან გამარჯვების შემდეგ

6 სექტემბერი, 2017 • 3371
ილიას ზუროსის პრესკონფერენცია ისრაელთან გამარჯვების შემდეგ

“[ჯგუფში] ერთი თამაში დაგვრჩა. არ გვსურს, სხვებზე ვიყოთ დამოკიდებული, ამიტომ უნდა მოვიგოთ, რათა შემდეგ ეტაპზე გადავიდეთ”, – ეს განცხადება საქართველოს კალათბურთელა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა გააკეთა ისრაელთან გამარჯვების შემდეგ. ხვალ საქართველო იტალიას დაუპირისპირდება.

“ჩვენ 3 ძალიან განსხვავებული დღე გვქონდა. ორი მარცხის შემდეგ ვიცოდით, რომ დღეს ძალიან კრიტიკული თამაში გვექნებოდა მასპინძელ ისრაელთან. ძალიან რთული იყო კონცენტრაცია და ასეთი რთული მატჩისათვის მომზადება, იმის გათვალისწინებით, რომ როტაციის დიდი შესაძლებლობა არ გვაქვს. კარგი თამაში იყო, ატმოსფერო მშვენიერი. ვულოცავ გულშემატკივარს. ხვალ ძალიან რთული მატჩია [იტალიასთან]. იტალიას აკროპოლისის თასზე ორი კვირის წინ ვეთამაშეთ. ჩვენ მათ კარგად ვიცნობთ, ისინიც გვიცნობენ. იმედი გვაქვს, რომ მოვიგებთ”, – თქვა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, როგორ მოახერხა საქართველომ მეტოქის დაჯაბნა ფარზე. საქართველომ ისრაელზე ბევრად მეტი ბურთი მოხსნა ფარზე.

“ჩვენი ძალა წინა ხაზშია. დღეს უკნიდანაც გვიწევდა თამაში იმისათვის, რომ მეტოქის დაცვა გაგვეწელა. უკნიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი სამქულიანები ჩავაგდეთ. შეტევას წინა ხაზიდან ვცდილობდით, რადგან ისრაელთან სიმაღლეში უპირატესობა გვქონდა. მეორე მხრივ, გქვონდა პრობლემა, რადგან ისრაელის დაბალი კალათბურთელები ძალიან სწრაფად დარბოდნენ. ბევრი ქულა ჩააგდეს კონტრშეტევისას. ასეთი იყო ორი გუნდის ტაქტიკა. ბოლოსკენ ჩვენ უფრო გაგვიმართლა და ეს თამაში მოვიგეთ”, – თქვა ზუროსმა.

საქართველოს ნაკრები ისრაელთან საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მარცხდებოდა, თუმცა ბოლო პერიოდში მდგომარეობა შეცვალა და თამაში მოიგო. ზუროსის თქმით,  გუნდს მდევრის როლში ყოფნისას საკუთარი თავის რწმენა რომ არ დაეკარგა, ძალიან ბევრი იმუშავეს.

“ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამაზე. ჩვეულებრივ, როდესაც ჩვენი გუნდი აგებს, კონცენტრაციას ვკარგავთ და ფორსირებულად ვთამაშობთ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ამაზე ბევრი ვიმუშავეთ. მოსამზადებელ ეტაპზე თითქმის ყველა ძლიერ გუნდთან ვმარცხდებოდით გარკვეულ ეტაპზე, რომლებსაც ჩვენ საბოლოოდ მოვუგეთ: სერბეთი, საბერძნეთი, ლიტვა. ეს დაგვეხმარა იმაში, რომ საკუთარი თავის რწმენა მოგვმატებოდა. კალათბურთში მაგია არ არსებობს, საჭიროა ვარჯიში და გონება. ამ ტურნირზე ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეები გამოგვაკლდნენ- ვიქტორ სანიკიძე, ბექა ბურჯანაძე. ჩვენ არ გვყავდა ბევრი სათადარიგო მოთამაშე და ამან ბევრად გაართულა  საქმე. ჩვენ ვისწავლეთ ბრძოლა, არ ვნებდებით და ბოლომდე ვიბრძვით. ამიტომ მინდა მივულოცო ჩვენს მოთამაშეებს. მათ დაიჯერეს საკუთარი შესაძლებლობების და ეს არა მხოლოდ დღეს და ამ ტურნირზე აჩვენეს, არამედ სხვა თამაშებშიც”.

მწვრთნელის თქმით,  თორნიკე შენგელიას მიერ ისრაელის ლიდერ კასპიზე  ერთი-ერთზე განხორციელებული ხშირი შეტევები გეგმის ნაწილი იყო.

“ჩვენ გვინდოდა, რომ თოკოს ბევრი შეეტია განსაკუთრებით კასპის წინააღმდეგ. ვიცოდით, რომ კასპი ისრაელის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მოწინააღმდეგის ყველაზე ძლიერი შეტევითი იარაღი. გვინდოდა მასზე მუშაობა იმისათვის, რომ ჯარიმები მიეღო და მეტი ენერგია დაეხარჯა”.

ზუროსმა ასევე შეაქო საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი მაიკლ დიქსონი, რომელმაც მეოთხე პერიოდში მნიშნელოვანი ქულები მოაგროვა, თუმცა თქვა, რომ ამ უკაასკნელის დაცვითი თამაშით დღეს კმაყოფილი არ არის.

“ჩვენ ვიცით, რისი გაკეთება შეუძლია მაიკლ დიქსონს განსაკუთრებით გადამწყვეტ მომენტებში. გასულ წელს მონტენეგროსთან გასვლით თამაშში ის ძალიან კარგი იყო და ევრობასკეტის საგზურის მოპოვებაში დაგვეხმარა ძალიან რთულ თამაშში. ის გუნდის წევრია. დღეს ბევრს ცდილობდა. დაცვის თვალსაზრისით მე არც ისე კმაყოფილი ვარ.  ჩვეულებრივ,  ძალიან კარგი დამცველია, დღეს რამდენიმე მომენტი გამოეპარა, თუმცა დაგვეხმარა თავისი ხასიათით, კარგი პასებით,  თამაშის წაკითხვითა და ქულებით გადამწტვე მომენტში. დიქსონი შემდეგ თამაშშიც გვჭირდება”, – თქვა ზუროსმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი