ახალი ამბები

შერმადინი: დღესაც გვქონდა გარკვეული პრობლემები, თუმცა მოვიგეთ

6 სექტემბერი, 2017 • 1518
შერმადინი: დღესაც გვქონდა გარკვეული პრობლემები, თუმცა მოვიგეთ

“ჩვენ ვიცოდით, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს თამაში როგორც ჩვენთვის, ასევე ისრაელისთვის. წინა ორი თამაში [გერმანიასა და უკრაინასთან] ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ”,  – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ცენტრმა გიორგი შერმადინმა განაცხადა ისრაელთან მატჩის შემდეგ.

“დღესაც გვქონდა გარკვეული პრობლემები, თუმცა მოვიგეთ. ერთი ნაბიჯი დაგვრჩა იმისათვის, რომ თურქეთში გავემგზავროთ. იმედია, ასე გავაგრძელებთ. ერთი თამაში დაგვრჩა. იოლი არაფერია. ხვალ გამოვალთ და იტალიასთან ვითამაშებთ ისე, როგორც დღეს”, – განაცხადა შერმადინმა.

ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატზე საქართველომ მასპინძელი ისრაელი ანგარიშით 104 – 91 დაამარცხა. მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და გამარჯვებულის გამოსავლენად დამატებითი დრო გახდა საჭირო, რომელიც საქართველომ 15-2 მოიგო.

თორნიკე შენგელიამ 25 ქულა და 19 მოხსნა მოაგროვა, 4 შედეგიან გადაცემასთან ერთად. ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე 19 ქულა და 11 მოხსნაა. მაიკლ დიქსონს- 19 ქულა და 7 შედეგიანი გადაცემა.

საქართველო ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში ასპარეზობს და ამჟამად მეოთხე ადგილს იკავებს. 6 გუნდისაგან დაკომპლექტებული ჯგუფიდან სულ 4 ნაკრები გადის შემდეგ ეტაპზე, დანარჩენი ორი გუნდი ასპარეზობას ეთიშება. ჯგუფში ბოლო მატჩს საქართველო ხვალ გამართავს იტალიის წინააღმდეგ და გამარჯვების შემთხვევაში მომდევნო ეტაპის საგზურს გაინაღდებს, საქართველოს ნაკრები ჯგუფიდან შესაძლოა იტალიასთან წაგების შემთხვევაშიც გავიდეს, თუ ისრაელი უკრაინას დაამარცხებს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი