ახალი ამბებიეკონომიკა

წელს EBRD საქართველოში ინვესტიციებში 350 მილიონ ევროს დახარჯავს

5 სექტემბერი, 2017 • 3400
წელს EBRD საქართველოში ინვესტიციებში 350 მილიონ ევროს დახარჯავს

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საქართველოში 350 მილიონ ევროზე მეტი ოდენობის ინვესტიციის განცორციელებას გეგმავს. განცხადება ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა, სერ სუმა ჩაკრაბარტიმ დიმიტრი ქუმსიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც EBRD-ის პრეზიდენტი ამბობს, გასულ წელს ბანკის ინვესტიციამ საქართველოში 250 მილიონი ევრო შეადგინა და წელს ამ რეკორდის გაუმჯობესება იგეგმება:

“ჩვენ საქართველოში მნიშვნელოვან ინვესტიციას ვახორციელებთ. შარშან ინვესტიციების მოცულობა რეკორდული იყო და 250 მილიონი ევრო შეადგინა, წელს ამ რეკორდის მოხსნას ვგეგმავთ. ჩვენი ვარაუდით, ინვესტიციების მოცულობა 350 მილიონი ან მეტი იქნება, – განაცხადა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ ფინანსთა სამინისტროში შეხვედრის შემდეგ.

როგოცს საქართველოს ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, საუბარი შეეხო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებსაც. მათ შორის, აქცენტები გაკეთდა ენერგეტიკასა და ჰიდროენერგეტიკის პროექტებზე, აგრეთვე, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესებაზე, მათ შორის, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსებზე თბილისსა და ბათუმში, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალური სერვისების განვითარებას. სერ სუმა ჩაკრაბარტის განცხადებით, ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია კერძო სექტორის განვითარება. მისი თქმით, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (DCFTA) ხელს შეუწყობს  საქართველოს კერძო სექტორის დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან.

შეხვედრა შეაფასა საქართველოს ფინანსთა მინისტრმაც. როგორც დიმიტრი ქუმსიშვილი ამბობს,  EBRD-ს საქართველოში 200-ზე მეტ პროექტში 3 მილიარდზე მეტი ინვესტიცია და არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

ასეთ პროექტებს შორის პირველმა ვიცეპრემიერმა დაასახელა ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების გამოშვება, აგრეთვე, ევროკომისიასთან ერთად მიმდინარე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების მხარდამჭერი პროექტი. ის ითვალისწინებს ლარში დენომინირებული სესხების გაცემას საქართველოს კომპანიებისთვის. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული პროექტი ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესი განვითარდეს, რომელიც არის ექსპორტზე ორიენტირებული და იმპორტის ჩამნაცვლებელი ღია ბაზრის პირობებში.

„EBRD არის ის დონორი ორგანიზაცია, რომელსაც ჩვენს ქვეყანაში 200-ზე მეტ პროექტში დაახლოებით 3 მილიარდი ევროს ინვესტიცია აქვს განხორციელებული. ბანკი მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის როგორც ინსტიტუციური განვითარების, ასევე სტრუქტურული რეფორმებისა და კერძო სექტორის გაძლიერების მიმართულებით“, – განაცხადა პირველმა ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


 

როგორც, ფინანასთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, EBRD საქართველოში საინვესტიციო პროექტების ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელია, რომლის კონტრიბუცია საქართველოს ეკონომიკაში ყოველწლიურად იზრდება. ამ ეტაპზე EBRD-ის დაფინანსება საქართველოში შეადგენს დაახლოებით 3 მილიარდ ევროს, საიდანაც დაახლოებით 91 პროცენტი შეადგენს კერძო სექტორში დაფინანსებას. მხოლოდ 2016 წელს ბანკმა საქართველოში 250 მლნ ევროს ინვესტიცია განახორციელა.

მასალების გადაბეჭდვის წესი