ახალი ამბები

გამგეობების გაუქმება, მერიაში თანამშრომლების 50-მდე შემცირება – გიორგი ვაშაძის ხედვა

4 სექტემბერი, 2017 • 2679
გამგეობების გაუქმება, მერიაში თანამშრომლების 50-მდე შემცირება – გიორგი ვაშაძის ხედვა

თბილისის მერობის კანდიდატის, გიორგი ვაშაძის საარჩევნო გეგმის მიხედვით, დედაქალაქის მერიაში თანამშრომლების რაოდენობა 50-მდე უნდა შემცირდეს, ხოლო გამგეობები გაუქმდეს. ვაშაძე პოლიტიკური გაერთიანება “ერთობა ახალი საქართველოსთვის” კანდიდატია, რომლის საარჩევნო ხედვების პრეზენტაციაც დღეს, 4 სექტემბერს, გაიმართა დედაენის ბაღში, იუსტიციის სახლთან ახლოს.

პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო პროგრამა დოკუმენტის სახით და გაწერილი რიცხვებით ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ამორჩევლებს ხედვის ნაწილი პრეზენტაციის სახით გააცნო.

ვაშაძის განცხადებით, იგი მოქალაქეებს “პუპულიზმის” ნაცვლად რეფორმებს ჰპირდება მერიასა და ქალაქის მმართველობაში, რაც ქალაქსა და ქვეყანას შემოსავლებს მოუტანს. პოლიტიკური გაერთიანების გეგმით, გამგეობების ნაცვლად დედაქალაქის ყველა რაიონში მუნიციპალური იუსტიციის სახლები უნდა მოეწყოს.

“თბილსიის მერია მთლიანად პროექტულ მართვაზე გადავა და მუნიციპლური იუსტიციის სახლები გაიხსნება ყველა რაიონში, რომელიც ყველა გადაწყვეტილებას ადგილზე იღებს. გამგეობა არის ზედმეტი ბიუროკრატიული, შუალედური კორუფციული რგოლი, რომელიც მოფიქრებულია იმისთვის, რომ ჩინოვნიკებმა ფული აკეთონ”, – ამბობს ვაშაძე.

იგი აცხადებს, რომ მერიის სამსახურების უმრავლესობა გაუქმდება, ხოლო დარჩენილებში მხოლოდ რამდენიმე ადამიანი იმუშავებს.

“გვაქვს რაიმე ამოცანა და პრობლემა? შეიქმნება საპროექტო ჯგუფი, რომელიც ამას გადაწყვეტს”.

რაც შეეხება იმას, თუ საიდან მოვლენ საპროექტო ჯგუფის წევრები კონკრეტულ საკითხზე სამუშაოდ, ვაშაძე აგრძელებს:

“გარედან მოდიან: კერძო კომპანიებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, ექსპერტული წრეებიდან. ბიურკორატია სხვადასხვა ფუნქციის მონოპოლიზებას ახდენს და ვეღარ ვითარდება… ბიურკორატია ამბობს, რომ მარტო მე ვიცი არქიტექტურა ქალაქშიო”.

“[ჩვეი პროექტით] მუნიციპალური პროექტები: სკვერი, გზა და ა.შ. ავტომატურ სისტემაზე იმუშავებს. ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, რომ დაარეგისტრიროს თავისი პროექტი და თქვას, აქ მინდა გზის გაკეთებაო. პრიორიტეტი მიენიჭება იმ პროექტს, სადაც მეტი ხელმოწერა ანუ აქტიურობა იქნება. [შუალედურ] რგოლებს ვხსნით, ფულს პირდაპირ მშენებლობაში ვიხდით და არა ბიუროკრატიაში”, – ამბობს ვაშაძე ნეტგაზეთთან საუბარში.

მერობის კანდიდატს ვკითხეთ, როგორ განახორციელებს მერია ზედამხედველობით ფუნქციას მხოლოდ 50 თანამშრომლის საშუალებით?

“ჩვენ ასეთი პროექტი კიევის მერიისთვის მოვამზადეთ. მაგალითად, არის უკანონო მშენებლობა. თუ თქვენ, ანუ მოქალაქე ამას  დააფიქსირებთ და პორტალზე ატვირთავთ [ფოტოს] და ეს კომპანია დაჯარიმდება, ჯარიმის 50% თქვენია, 50%  ბიუჯეტში მიდის. აქ ყველა ერთმანეთის მაკონტროლებლები ვხდებით და ჩაწყობა ვინმესთან, რომ უკანონო მშენბელობის ნებართვა მივიღო, შეუძლებელია. ეს არის პრევენცია. არც 150-კაციანი ზედამხედველობის სამსახური აღარ გვჭირდება”.

ვაშაძის თქმით,ასევე, მისი მიზანია, რომ განვითარება თბილისის ყველა უბანს შეეხოს და ქალაქი არ იყოს თავკომბალა. მერობის კანდიდატის თქმით, მას უკვე მოფიქრებული აქვს, მაგალითად, ვაზისუბნის განვითარების პროექტი. საუბარია იმის შესახებ, რომ ვაზისუბანში აშენდეს ვაზის ხეივანი, გაიხსნას ღვინის მუზეუმი და უბანი ამ კუთხით დაიტვირთოს ტურისტული კომპონენტით. ვაშაძე ფიქრობს, რომ ამ გზით ადგილზევე შეიქმნება სამუშაო ადგილები.

ვაშაძემ ხედვის  კიდევ რამდენიმე კომპონენტი წარმოადგინა, მათ შორის სერვისების ბლოკჩეინის ტექნოლოგიებზე მიბმის საკითხი. მისივე თქმით, მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ბიუჯეტიდან გარკვეული თანხებიც გამოიყოფა. ვაშაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით დახმარების მიზნით გარკვეული კონტაქტები დაამყარა ბილ გეიტსის ფონდთან. ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ თბილისი “სმარტ ჰაბი” უნდა გახდეს, რაც იმაში გამოიხატება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბიზნესის რეგისტრაცია დისტანციურად, ინტერნეტით უნდა შეეძლოს. მისივე თქმით, დედაქალაქი საჰაერო ჰაბიც უნდა გახდეს და ევროპის ყველა დედაქალაქთან პირდაპირი რეისი უნდა ჰქონდეს.

ვაშაძეს ვკითხეთ, როგორ აპირებს იმ დაპირებების განხორციელებას, რომლებიც თვითმმართველობის ფუნქციებში არ შედის, მაგალითად, იმავე აეროპორტთან დაკავშირებით? მერობის კანდიდატი ამბობს, რომ აქტიურად იმუშავებს აეროპორტის მმართველ კომპანია ტავ ჯორჯიასთან, რომელიც  პრეზენტაციის დროს გააკრიტიკა და თქვა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი სტამბულის აეროპორტის დანამატად იქცა. ტავთან ხელშეკრულებაში სახელმწიფოს ეკონომიკის სამინისტრო წარმოადგენს და არა თბილისის მერია, თუმცა ვაშაძე აცხადებს, რომ ქალაქს შეუძლია სამართლებრივი ბრძოლა, მათ შორის სასამართლოში.

მასალების გადაბეჭდვის წესი