ადვოკატის ინფორმაციით, ხვედელიძე დაკავების მომენტიდან ე.წ. მოდულის შენობის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფებოდა, თუმცა გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დღეს, 15 მაისს იგი, წესისამებრ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში #8 საპყრობილეში გადაიყვანეს და იქიდან გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ გელა ხვედელიძეს, რომელსაც ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილის “დ” პუნქტის მიხედვით ედება (რაც გულისხმობს პირადი ან ოჯახური საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებას, შენახვას ან გავრცელებას იმის მიერ, ვისაც სამსახურებრივი მდგომარეობის, პროფესიული საქმიანობის ან სხვა გარემოების გამო ევალებოდა ამ საიდუმლოს დაცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია), დღეს, 15 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000–ლარიანი გირაო შეუფარდა. ხვედელიძე წაყენებულ ბრალს აღიარებს. პროკურატურა მის დაპატიმრებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლე ზვიად ესებუამ ბრალდების მხარის ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. პროკურატურა განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს.