ახალი ამბები

მეტროსადგურ “გურამიშვილში” წყალი ჩამოდის – მერია გარემონტებას სექტემბრიდან გეგმავს

31 აგვისტო, 2017 • 4119
მეტროსადგურ “გურამიშვილში” წყალი ჩამოდის – მერია გარემონტებას სექტემბრიდან გეგმავს

მეტროსადგურ “გურამიშვილში” წყალი ჩამოდის, რომელსაც სათლში აგროვებენ და ღვრიან. მერია კი მეტროსადგურში სარემონტო სამუშაოების დაწყებას 15 სექტემბრიდან გეგმავს. სარემონტო სამუშაოებისთვის მერიას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს.

მეტროსადგურ “გურამიშვილში” არსებული მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა “ფეისბუქით” მოქალაქე ნინა კოპალეიშვილმა გაავრცელა, რის შემდეგაც “ნეტგაზეთი” მერიას დაუკავშირდა. “ნეტგაზეთი” მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძეს ესაუბრა. მისი თქმით, მათთვის ცნობილია მეტროში არსებული სიტუაცია და მეტროსადგურ “გურამიშვილის” კაპიტალურ შეკეთებაზე ტენდერია გამოცხადებული. მისივე ინფორმაციით, კაპიტალური სარემონტო სამუშაოები 15 სექტემბრიდან დაიწყება.

“მეტროსადგურ “გურამიშვილში” არის სარემონტო მდგომარეობა და რეალურად იქ არსებული სიტუაცია ითხოვს, რომ მოხდეს ამ სადგურის განახლება. კატასტროფა ნამდვილად არ ხდება. რა თქმა უნდა, ამ მეტროსადგურში პრობლემა არსებობს და ამიტომაც ჩვენ ტენდერზე გვაქვს გატანილი აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია. პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით მილიონნახევარი ლარია და სექტემბრიდან უკვე დაიწყება მეტროსადგურის კაპიტალური შეკეთება.

წლებია, ეს მეტროსადგური არ შეკეთებულა და ბოლო ხანს იქ არსებული მდგომარეობა განსაკუთრებით ითხოვს მის კაპიტალურ შეკეთებას. რაც შეეხება იმას, რომ წყალი ჩამოდის სადგურში, პერიოდულად არის მსგავსი პრობლემა, რომელიც ყურადღების ცენტრშია და რეაგირება ამ პრობლემაზე, რა თქმა უნდა, ხდება”- განაცხადა ლექვინაძემ “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

როგორც მერის მოადგილე ამბობს, 15 სექტემბრიდან გურამიშვილის მეტროსადგურთან ერთად ავლაბრისა და სამგორის მეტროსადგურებსაც კაპიტალურად შეაკეთებენ.

“ჩვენ უკვე დავასრულეთ “ახმეტელის” მეტროსადგურის კაპიტალური შეკეთება. დაახლოებით 15 სექტემბრამდე დასრულდება ვარკეთილის მეტროს კაპიტალური შეკეთება. ამის შემდეგ კი დაიწყება სამი მეტროსადგურის: გურამიშვილის, ავლაბრისა და სამგორის მეტროსადგურების შეკეთება. მეტროსადგურ “გურამიშვილის” შესაკეთებლად ბიუჯეტში გამოყოფილია მილიონ-ნახევარი ლარი, სამგორის მეტროსადგურისთვის – 915 000 ლარი, ხოლო ავლაბრის მეტროსადგურისთვის – 600 000 ლარი”, – ირაკლი ლექვინაძე.

ტენდერი თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ 28 ივლისს გამოაცხადა, ხოლო წინადადებების მიღება 16 აგვისტოს დაიწყო. წინადადებების მიღება 21 აგვისტოს დასრულდა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული ჯერჯერობით გამოვლენილი არაა. ტენდერში შეთავაზება მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს “დიკა 2010”-მა წარადგინა.

მეტროსადგურების შესაკეთებლად 5-6 თვეა განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი