ახალი ამბებირეკლამა

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად წელსაც ჩატარდება[ანონსი]

29 აგვისტო, 2017 • 2496
შავი ზღვის  ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად წელსაც ჩატარდება[ანონსი]

შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად შავიზღვისპირეთში ჩატარდება და წელს, გურიასთან ერთად აჭარაც უმასპინძლებს. კონცერტები 31 აგვისტოს და პირველ სექტემბერს, ბათუმსა და შეკვეთილში გაიმართება, ხოლო ორ სექტემბერს გრანდიოზული გალა კონცერტით „ბლექ სი არენაზე“ დასრულდება.

ფესტივალი, რომლის ავტორი და ორგანიზატორი ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრია, Black Sea Arena-ს, „Check in Georgia“-სა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდება.

წელს ფესტივალი სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება და 7 ქვეყანას უმასპინძლებს. მაყურებლის წინაშე ესპანეთის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, სომხეთის, თურქეთისა და საქართველოს ფოლკლორული ანსამბლები წარსდგებიან და თავიანთი ქვეყნის უნიკალურ ხალხურ ტრადიციებს, სიმღერითა და ცეკვით წარმოადგენენ.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორები აღნიშნავენ, წელს ფესტივალს დიპლომატიური კორპუსი ოფიციალურ მხარდაჭერას უცხადებს და მის წარმატებულად ჩატარებაში დიდი წვლილი შეაქვს იტალიის, თურქეთი, პოლონეთისა  და უკრაინის საელჩოებს. მათივე ძალისხმევითა და მხარდაჭერით გაიზრდება მონაწილე ფოლკლორული ანსამბლების რაოდენობაც.

4

ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის, გიორგი დონაძის განცხადებით, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციული გახდა  და დასაწყისისთვის ეს მისასალმებელია. მისივე თქმით, ფესტივალისთვის “Black Sea Arena”  იდეალური სივრცეა თავისი უზარმაზარი სცენით, ხარისხიანი განათებით, ეკრანებითა და გახმოვანებით. ღონისძიების წარმატებით ჩატარებაში ასევე მნიშვნელოვან როლს რეჟისურა შეასრულებს. მნიშვნელოვანია, რომ სცენარზე ცენტრის რეჟისორმა მუშაობა უკვე დაიწყო.

 „ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია პირველმა ფესტივალმა. 24 ანსამბლი, 400-მდემონაწილე – ეს უკვე დიდი შედეგიამათი რაოდენობა წელს კიდევ უფრო გაიზარდა. ამასთანავე, შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს წელს სპეციალური სტუმარი ეყოლება – ფლამენკოს შემსრულებლები ესპანეთიდან, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი “La Moneta & Flamenco”.  გალა კონცერტში, რომელიც Black Sea Arena-ზე გაიმართება, მათ 35 წუთი დაეთმობათ.  მნიშვნელოვანია, რომ  ფესტივალში მონაწილე ყველა ქვეყანა გამოირჩევა თავისი ფოლკლორით, ძალიან დიდ ყურადღება დავუთმეთ ანსამბლების შერჩევას და პროგრამის მრავალფეროვნებას. ვფიქრობთ, რომ წელს მაყურებელი დიდი სანახაობის მომსწრე გახდება,“ – ფესტივალის დეტალებზე საუბრობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი.

3

გალა კონცერტზე ცეცხლოვან შოუს ესპანელები გვპირდებიან, რომლებიც სპეციალური სტუმრის სტატუსით ფესტივალის გალა კონცერტზე, 2 სექტემბერს წარსდგებიან მაყურებლის წინაშე.

„ლა მონეტად“ წოდებული ფუენსანტა ესპანელი ხელოვანია, რომელიც ფლამენკოს ბავშვობიდან ცეკვავს და წარმატებასაც ადრეული ასაკიდანვე მიაღწია. სამბრას და ტაბლაოს თეატრების გამორჩეულ არტისტს მიღებული აქვს უამრავი ფოლკლორული ჯილდო ესპანეთში და წამყვან მოცეკვავედაა აღიარებული. ზოგჯერ “ლა მონეტას“ წარმოდგენებში თანამედროვე მიდგომები შეინიშნება, თუმცა მათ მიღმა კარგად გააზრებული და ნამდვილად ექსპრესიული ფლამენკოს მოძრაობები ჩანს.

მათ შეუერთდებიან საუკეთესო ფოლკლორული გუნდები პოლონეთიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და იტალიიდან.ყველაფერ ამას კი, რა თქმა უნდა, ქართველი შემსრულებლები მრავალხმიანობითა და ცეცხლოვანი ცეკვებით შეაზავებენ.

1

შეგახსენებთ, რომ შავი ზღვის ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი, რომელშიც საქართველოს, იტალიიის, შვეიცარიისა და თურქეთის ფოლკლორული ანსამბლები მონაწილეობდნენ, პირველად შარშან კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და   “Check in Georgia”- ფარგლებში ჩატარდა. დიდ ქართულ  სცენაზე 4 ქვეყანა, 24 ჯგუფი და 400-მდე მონაწილე წარსდგა და  ფოლკლორის უნიკალურ ნიმუშები წარმოადგინეს. ფესტივალი, რომელსაც გურიამ უმასპინძლა 3 დღის განმავლობაში გაგრძელდა და 2 მნიშვნელოვან ლოკაციას ოზურგეთსა და შეკვეთილს მოიცავდა. ფესტივალი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, რომელიც ახლადგახსნილ საკონცერტო დარბაზში “Black Sea Arena” სცენაზე გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი