ახალი ამბები

მეჩეთი, მწერლები და გულწრფელი ივანიშვილი

13 მაისი, 2013 • 1680
მეჩეთი, მწერლები და  გულწრფელი ივანიშვილი

მწერლები ამბობენ, რომ პრემიერის ვიზიტი მწერალთა კავშირში უპრეცედენტო იყო და ამ მოულოდნელი სტუმრობის გამო ძალიან ნასიამოვნები არიან. პრემიერთან მწერლებმა მეჩეთის მშენებლობის გარდა მწერალთა კავშირის შენობის რემონტისა და მწერლებისთვის სტიპენდიების გაცემის საკითხიც განიხილეს.

 

რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მათ შენობის გარემონტებასაც შეჰპირდა და შენობის უზურფრუქტით გადაცემასაც. სარემონტო სამუშაოებს კი ფონდი „ქართუ“ შეასრულებს. „სტიპენდიებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საკითხის მოგვარება მხოლოდ ეკონომიკის განვითარების შემთხვევაშია შესაძლებელი“, – ამბობს რამაზ სურმანიძე. იგი ფიქრობს, რომ პრემიერი დაპირებებში გულწრფელია: „მწერლების უმეტესობა უაღრესად გაჭირვებულ მდგომარეობაში ცხოვრობს. ერთი მწერალი გაჭირვების გამო თავშესაფარში მოგვიკვდა. თუ არ მოაგვარებს ამ პრობლემას, მაშინ ეს იქნება დაპირისპირება მთავრობასა და მწერალთა კავშირს შორის“. 

 

რემონტისა და სტიპენდიების განხილვის შემდეგ მწერლები მეჩეთის საკითხს შეეხნენ: „დავით თედორაძემ შეხვედრისთანავე უთხრა, ბატონო ბიძინა, მეჩეთს ნუ აგვიშენებო. ჩვენ უფრო მძაფრ საუბარს ველოდით, მაგრამ დავრწმუნდით, რომ ივანიშვილი მეჩეთის აშენებით დაინტერესებული არ არის“.

 

რამაზ სურმანიძის თქმით, პრემიერის გულწრფელობა მისი საუბრის პათოსშიც იგრძნობოდა: „მან თქვა, რომ ეს საქმე შეიძლება უსასრულოდ გადაიდოს, ან ისე გაკეთდეს, როგორც ჩვენ გვსურსო. თუმცა დაინტერესებულია იმით, რომ ამ გადაწყვეტილებით რაიმე ზიანი არ მიაყენოს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, რადგან ინვესტორები უნდა მოვიზიდოთ და ეკონომიკა უნდა გავაუმჯობესოთო“.

 

პრემიერთან საუბრის დეტალებზე „ბათუმელები“ აჭარის მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, დავით თედორაძეს ესაუბრა. მისი თქმით, მეჩეთის მშენებლობაზე პრემიერს მკვეთრი პოზიცია არ აქვს. „ეს ძალიან შინაურული საუბარი იყო. მას აინტერესებდა ჩვენი პოზიცია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს. ამას საჭიროება არ მოითხოვს“. დავით თედორაძის თქმით, მათ პრემიერთან თურქული ექსპანსიის საფრთხეებზე ისაუბრეს „და იმაზეც, თუ როგორ შეიცვალა ბათუმის ძველი უბანი დემოგრაფიულად. პრემიერმა ისაუბრა იმაზე, რომ კანონები უნდა მივიღოთ და ყველაფერი დარეგულირდება კანონით“.

 

როგორც დავით თედორაძე ამბობს, პრემიერმა კანონებში იგულისხმა ის, რომ სასულიერო სასწავლებლები ქართული განათლების სისტემას უნდა დაექვემდებაროს. „ხომ ვწუხვართ, მედრესეები იხსნებაო. მედრესეები უნდა გაიხსნას თბილისში და დაექვემდებაროს განათლების სამინისტროს, რომ ახალგაზრდობის თურქეთში გადინება არ მოხდეს“.

 

რამაზ სურმანიძე ამბობს, რომ საუბრის დროს ბიძინა ივანიშვილმა თურქეთის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებიც ახსენა. „მან თქვა, რომ მათმა განცხადებებმა ააღელვა მოსახლეობაო. ამას დაემატა ერდოღანის და დავითოღლუს განცხადებებიც ძველი ტერიტორიების დაბრუნებაზე. მაგრამ ერდოღანის გამონათქვამები, მე მგონი, ემსახურებოდა თურქი მოსახლეობის თვალში მისი ავტორიტეტის ამაღლებას, ვიდრე იურიდიულ კანონებს. ჩვენ გვეგონა, რომ პრემიერი ამას ხაზს არ გაუსვამდა, მაგრამ თქვა, რომ ამან ცუდი გავლენა იქონია საზოგადოებაზე“. 

 

რამაზ სურმანიძეს მიაჩნია, რომ პრემიერის გულწრფელობა უფრო დამაჯერებელია, ვიდრე საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, მაია ფანჯიკიძისა და აჰმედ დავითოღლუს განცხადებები, როცა მათ მეჩეთის მშენებლობის საკითხი გადაწყვეტილად გამოაცხადეს. კითხვაზე, მინისტრების საჯარო განცხადებების ფონზე შესაძლებელია თუ არა ეჭვის ქვეშ დადგეს პრემიერის გულწრფელობა, რამაზ სურმანიძე  პასუხობს: “ამ კაცს რატომღაც ყველა ენდობა, გულალალად ლაპარაკობს ყველაფერზე, ამიტომ, თუ ამას ვირწმუნებთ, უნდა დავუჯეროთ. თუ ასე თქვა, მაშინ მაია ფანჯიკიძეს შეცდომა დაუშვია. სხვათა შორის, ისიც გვითხრა, რომ ერდოღანთან პირისპირ საუბრის დროს შევთანხმდით და გამოსვლის შემდეგ მინისტრებსაც უთხრა, რომ არავითარი მეჩეთი ბათუმში არ აშენდებაო“. 

 

პრემიერთან შეხვედრას მწერალი ანზორ კუდბაც ესწრებოდა. მისი თქმით, პრემიერმა შეხვედრაზე მთავარი აქცენტი მეჩეთის გარდა ეკონომიკასა და მწერლების პრობლემებზე გააკეთა: „ეკონომიკა თუ არ დავაყენეთ ფეხზე, არაფერი გვეშველება, სოფელი უნდა ავაღორძინოთო. აფხაზეთზე კითხვა არავინ დაუსვა და მეც შევიკავე თავი. იმიტომ, რომ მომწყინდა იმის მოსმენა, რომ აფხაზები უნდა მოვხიბლოთ. პრემიერის საუბარში მინდოდა დამეჭირა ის ნოტა, გადაარჩენს თუ არა საქართველოს. მჯერა, რომ საქართველოს წამოაყენებს“.

 

მწერალთა კავშირში შეხვედრაზე იმყოფებოდა თენგიზ თავდგირიძეც, „ქართველ თავადაზნაურთა საკრებულოს“ ხელმძღვანელი. მისი აზრით, საქართველოს და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან ნაჩქარევი განცხადებები გაკეთდა. „ვფიქრობ, პრემიერთან შეუთანხმებლად მოხდა ეს, რადგან ივანიშვილმა გვითხრა, მსჯელობის საგანია და კონსულტაციებს თქვენგან მივიღებთო. ჩვენ კი ცალსახად გამოვხატეთ პოზიცია, რომ მეჩეთი არ უნდა აშენდეს“. 

მასალების გადაბეჭდვის წესი