ახალი ამბები

საქართველოს რკინიგზასთან დაკავებულები სასამართლოდან გაათავისუფლეს

25 აგვისტო, 2017 • 1893
საქართველოს რკინიგზასთან დაკავებულები სასამართლოდან გაათავისუფლეს

24 აგვისტოს “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ აქციაზე დაკავებული 10 პირი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს და პროცესი დაცვის მხარის მოთხოვნით 8 სექტემბრამდე გადაიდო. სხდომა 09:00 საათზე დაიწყება.

როგორც ადვოკატი, ნონა ქურდოვანიძე აცხადებს, მათ საქმის მასალების გაცნობისათვის დრო მოითხოვეს და ამიტომ დღეს პროცესი არ შედგა. ქურდოვანიძე ადასტურებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი 5 პირიდან 2-ს, გოჩა სურგულაძეს და ირაკლი კუპრაძეს აღენიშნებათ ფიზიკური დაზიანებები.

24 აგვისტოს, ღამით “საქართველოს რკინიგზასთან” გამართულ სოლიდარობის აქციაზე 10 პირი დააკავეს, რომლებმაც შენობაში შესვლა სცადეს. მათი დაკავება ფიზიკური დაპირისპირებისა და ხმაურის ფონზე მოხდა. “საქართველოს რკინიგზასთან” უკვე მე-11 დღეა რკინიგზელები და პროფკავშირების წარმომადგენლები რკინიგზის მაღალჩინოსანთა გადაყენების მოთხოვნით შიმშილობენ.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) მიიჩნევს, რომ დაკავებისას ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ძალიას გადამეტებას და ამ საკითხზე გეგმავს პროკურატურას მიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი