ახალი ამბები

რა შედეგი დადგება თუ პროფკავშირი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას დატოვებს

26 აგვისტო, 2017 • 2791
რა შედეგი დადგება თუ პროფკავშირი სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას დატოვებს

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ტოვებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიას. გაერთიანების თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადების თანახმად, ისინი კომისიას დატოვებენ, ვიდრე არ დაინახავენ “გულწრფელი დიალოგის სურვილს ხელისუფლების მხრიდან”. გადაწყვეტილება მათ “საქართველოს რკინიგზასთან” მოშიმშილე რკინიგზელების 11-დღიანი უშედეგო პროტესტისა და ამ დრომდე კომისიის არაეფექტური მუშაობის გამო მიიღეს.

საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი კომისიის დატოვების შესახებ გაერთიანებულმა პროფკავშირებმა რამდენიმე დღის წინ წაუყენეს და რეაგირება მოსთხოვეს საქართველოს რკინიგზაში განვიათარებულ მოვლენებზე. პრემიერისათვის გაგზავნილ წერილში პეტრიაშვილის აღნიშნავს, რომ მისთვის გასაგებია ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის გამო, თუმცა კომისია ამ დრომდეც უმოქმედო იყო.

რა არის და რას ნიშნავს სახელმწიფოსათვის სოციალური პარტნიორობის სამხრივი კომისიის დატოვება პროფკავშირების მიერ?

პარტნიორობის ამ ფორმატში გაერთიანებულია მთავრობა, დამსაქმებელთა წარმომადგენლები და პროფესიული კავშირები. კომისია განიხილავს შრომის კოდექსთან და შრომით უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

როგორც ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენელი ლინა ღვინიანიძე ამბობს, იმის მიუხედავად, რომ სახელმწიფოს მხრიდან არ არსებობს გამოხატული პოლიტიკური ნება, აწარმოოს ეფექტური დიალოგი ჩართულ მხარეებს შორის, ქვეყანას აქვს საერთაშორისო ვალდებულებები და მათი შეფერხება მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს პროცესებზე:

”ბუნებრივია, ერთ-ერთი სოციალური პარტნიორის გამოთიშვა ამ დიალოგიდან ამგვარი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებშიც კი, რომელიც დღეს არ გვაქვს, ნიშნავს, რომ ფორმატი ვერ იმუშავებს და ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელზეც სახელმწიფომ და ბიზნესმა უნდა მოისმინოს მეორე მხარის პოზიცია, იქნება შეფერხებული. ეს, რა თქმა უნდა, შეაფერხებს შრომის პოლიტიკის კუთხით ნაბიჯების გადადგმას და ასევე ძალიან გაართულებს ურთიერთობას სოციალურ პარტნიორებს შორის, რომელიც ამ დრომდე არ იყო სათანადო. ისეთი, როგორიც სოციალური პარტნიორობა უნდა იყოს და როგორი გამოცდილებებიც არსებობს ბევრ ქვეყანაში,” – ამბობს ღვინიანიძე.

ღვინიანიძე აცხადებს, რომ კომისია დღეს არ არის ეფექტიანი ორგანო, ის რეალურად არ ფუნქციონირებს, არ ასრულებს თავის როლსა და მისიას: ეს არის სახელმწიფოს ცენტრალურ დონეზე არსებული სოციალური პარტნიორობის, დიალოგის ფორმატი ისეთ მხარეებს შორის, როგორიც არის სახელმწიფო, პროფესიული კავშირები და დამსაქმებელთა წარმომადგენლები. ეს არის მთავარი პოლიტიკური ფორმატი, სადაც მთავრობამ და მისმა სოციალურმა პარტნიორებმა ერთობლივად, თანადროულად, კონსენსუსით უნდა მიიღონ გადაწყვეტილება შრომითი პოლიტიკის განვითარების და რეფორმირების მიმართულებით.

”ამდენად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფორმატი, სადაც ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს საქართველოს მთავრობა – უნდა იყოს განხილული და შეჯერებული.

ის, რომ ზოგადად სოციალური პარტნიორობის ფორმატი საქართველოს მთავრობისთვის არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულება და იმას, რომ ის არ არის მოწადინებული, ეს ფორმატი რეალურად აამუშაოს, ამას ადასტურებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მუშაობა. ამაზე მიუთითებენ საქართველოში პროფესიული კავშირები და ბიზნესის წარმომადგენლები და ისინი მუდიმავად აკრიტიკებენ მთავრობას, რომ ის ვერ ახერხებს სოციალური პარტნიორობის შექმნას, რაც თავის მხრივ უკავშირდება პოლიტიკური ნების არარსებობას,” – აცხადებს ღვინიანიძე.

თუმცა, მიუხედავად ამისა, ლინა ღვინიანიძის თქმით, საქართველოს მთავრობა საჯარო განცხადებებში დეკლარირებულად მაინც ადასტურებს სოციალური დიალოგის მნიშვნელობას და მხარეებთან ეფექტურ კომუნიკაციაზე საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო ვალდებულებები. მისი განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის მარტივი  ვერ იქნება ამ პროცესის იგნორირება:

”დარწმუნებული ვარ, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისთვის; მათ შორის ევროკავშირისათვის, რომელიც ასევე ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მთავრობას დღი სწესრიგით უდგენს ვალდებულებას, რომ მან უნდა გააძლიეროს და ეფექტიან ფორმატად აქციოს სოციალური დიალოგი და ყველაფერი გააკეთოს მისი კარგი მუშაობისთვის. ამდენად, ეს იქნება მნიშვნელოვანი სიგნალი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.”

EMC-ში იმედს გამოთქვამენ, რომ გაერთიანებული პროფკავშირების მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი იქნება ერთგვარი სიგნალი საქართველოს მთავრობისთვის, მათ შორის, ”საქართველოს რკინიგზისთვის”, რომ დაიწყონ მუშაობა ამ შემთხვევაში იმ საკითხებზე, რომლებსაც რკინიგზელები აყენებენ.

წერილს ჯერ არ გამოხმაურებია თავად ადრესატი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც, ამავდროულად, კომისიის ხელმძღვანელი პირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი