შეხვედრის დასრულების შემდეგ გურამ ოდიშარიამ განაცხადა, რომ ის და მისი კოლეგა ერთობლივად გამართავენ შეხვედრებს საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველებთან, რაც იქნება ორ ქვეყანას შორის მეგობრობის დემონსტრირება. ოდიშარია აზერბაიჯანში ჩასვლას ზაფხულში გეგმავს.

 

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის განცხადებით, კახის რაიონში შეიქმნება ქართული კულტურის ცენტრი, ასევე – ქართული თეატრი.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ აზერბაიჯანის კულტურის და ტურიზმის მინისტრს აბულფაზ გარაევს ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს დავით გარეჯსა და ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში ქართველი მომლოცველებისთვის შექმნილი პრობლემების თაობაზე, რაზეც გარაევმა უპასუხა, რომ ქართველებს არ ეშლებათ ხელი დავით გარეჯში მოლოცვის კუთხით:

 

“ჩვენ საერთო გადაწყვეტილებამდე მივედით, რომელიც საშუალებას აძლევს ქართველ მომლოცველებს, ყოველგვარი წინაღობის გარეშე შევიდნენ ძეგლის იმ ნაწილში, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა და მოინახულონ იქაურობა. მე ვფიქრობ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, რადგან კულტურა არ შეიძლება იყოს დაპირისპირების საგანი. თქვენ იცით, რომ აზრებაიჯანის მთავრობის მიერ ეს ტერიტორია გამოცხადებულია ეროვნულ ნაკრძალად და მისი დაცვა ხორციელდება ყველა შესაბამისი საერთაშორისო კონვენციის მიხედვით. ფაქტია, რომ ორი ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნების მოქალაქეებს – მომლოცველებსა და ტურისტებს ამ ტერიტორიაზე შესვლის პრობლემა არა აქვთ,” – განაცხადა გარაევმა.

 

აბულფაზ გარაევის თქმით, ალბანელები იყვნენ პირველი ქრისტიანები კავკასიაში და აზერბაიჯანი უფრთხილდება მათ ტერიტორიაზე არსებულ ალბანურ ქრისტიანულ ძეგლებს, როგორც კულტურულ მემკვიდრეობას. მისივე განცხადებით,  ქურმუხის ეკლესიაც კულტურული ძეგლია და იქ მხოლოდ კვირაში ერთხელ არის დაშვებული რელიგიური რიტუალის შესრულება.

 

აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჰეიდარ ალიევის სახელობის პარკის გახსნა ქალაქ რუსთავში, ასევე, აზერბაიჯანის დელეგაცია მოინახულებს მირზა ფათალი ახუნდოვის საფლავს თბილისის ბოტანიკურ ბაღში.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *