ახალი ამბები

რა საკითხებზე ესაუბრა კვირიკაშვილი ერდოღანს

21 დეკემბერი, 2016 • 4328
რა საკითხებზე ესაუბრა კვირიკაშვილი ერდოღანს

20 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თურქეთის პრეზიდენტს, რაჯეპ ტაიპ ერდოღანს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი კვირიკაშვილმა, საქართველოს მთავრობის სახელით, თურქ ხალხსა და თურქეთის მთავრობას ბოლო დროს მათ ქვეყანაში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო კიდევ ერთხელ მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოუცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეთ სისასტიკეს ცივილიზებული სამყარო კონსოლიდაციით უნდა დაუპირისპირდეს და ამ პროცესში საქართველო მეგობრების გვერდით დგას.

როგორც პრემიერის პრესსამსახური იუწყება, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე; გამოითქვა დაინტერესება პოლიტიკის, სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკის, კულტურისა და ჰუმანიტარულ სფეროებში ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.

საუბარი ასევე შეეხო “ევრაზიის გვირაბის” პროექტის მნიშვნელობას, რომლის გახსნის ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თურქეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრთან ერთად მიიღო მონაწილეობა. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს აბრეშუმის გზის აღდგენის პროცესში.

ზღვის ქვეშ გაყვანილი 14,6 კილომეტრი სიგრძის გვირაბი ევროპისა და აზიის კონტინენტებს ერთმანეთთან დააკავშირებს. პრემიერის განცხადებით, ეს ისტორიული „აბრეშუმის გზის“ აღდგენის საქმეში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს. გვირაბის 5,4-კილომეტრიანი მონაკვეთი ბოსფორის ქვეშ სპეციალური ტექნოლოგიით აგებული ორსართულიანი გვირაბისა და მასთან დაკავშირებული გვირაბებისგან შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი