მახათას მთაზე ილია მეორე შვიდის ნახევრისთვის მივიდა. იმ დროისათვის მთავარი ტაძრის ახლად ჩაყრილი საძირკვლის გარშემო მრევლი შეკრებილიყო. მრევლის ნაკადის მოდინება ილია მეორის მოსვლის შემდეგაც არ შეწყვეტილა. წვიმაში მდგარი მომლოცველები ელოდებოდნენ პარაკლისის დასრულებას, რათა შეპირებული ხატებით დაბრუნებულიყვნენ შინ.
მორწმუნეებს სჯერათ, რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატები მათ ოჯახებში სიმშვიდესა და კეთილდღეობას შეიტანს. ხატებს, რომლებიც საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაარიგეს, “ოჯახის მფარველი ხატი” ჰქვია.
პარაკლისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილიც ესწრებოდა. პარაკლისი შვიდ საათზე დასრულდა.
მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი 2012 წლის 17 აპრილიდან შენდება. ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო თანხის მოსაძიებლად “ფონდი ივერიიისა” შეიქმნა, რომელსაც პაატა ბურჭულაძე ხელმძღვანელობს, კიდევ ერთ ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი.
ფონდის ინფორმაციით, “ფონდ ივერიისაში” 240 ათასი ადამიანია გაერთიანებული.