ახალი ამბები

ელისო ჩაფიძე კობა დავითაშვილს მოზომილი განცხადებების გაკეთებას ურჩევს

7 მაისი, 2013 • • 899
ელისო ჩაფიძე კობა დავითაშვილს მოზომილი განცხადებების გაკეთებას ურჩევს

ამის შესახებ ჩაფიძემ დღეს, 7 მაისს ჟურნალისტებს კობა დავითაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას უთხრა. დეპუტატი არ ელის, რომ დავითაშვილი საპარლამენტო უმრავლესობას დატოვებს.


“კობა დავითაშვილი დიდი ხანია პოლიტიკაშია და მას აქვს უფლება ჰქონდეს დამოუკიდებელი მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. “ქართული ოცნება”, როგორც კოალიცია, სწორედ იმით განსხვავდება ნაციონალური მოძრაობისგან, რომ ჩვენთან ადამიანებს საკუთარი მოსაზრებები აქვთ და ამაში ტრაგიკული არაფერია. ვფიქრობ, კობა დავითაშვილი თუკი გადაწყვეტს, თავად მიიღებს გადაწყვეტილებას უმრავლესობის დატოვების შესახებ, მაგრამ მე მისგან ასეთ ნაბიჯს არ ველოდები”, – განაცხადა მან.


ჩაფიძის თქმით,  ის, რომ დავითაშვილს მთავრობისაგან განსხვავებული მოსაზრებები აქვს გარკვეულ საკითხებზე, ნორმალურია, რადგან პარლამენტმა სწორედ მთავრობაზე უნდა განახორციელოს კონტროლი.


“მე კობასთან შედარებით არ მაქვს ხანგრძლივი პოლიტიკური მოღვაწეობის გამოცდილება, მაგრამ მას, როგორც ჩემს თანაგუნდელს, ანდა მეგობარს, ვურჩევდი, რომ უფრო მოზომილი განცხადებები გააკეთოს და უფრო დელიკატური იყოს საკუთარი განცხადებების გამოთქმის დროს ამა თუ იმ პიროვნებასთან დაკავშირებით. სხვა მხრივ, მის კრიტიკაში მიუღებელი არაფერია. რეალურად პარლამენტი სწორედაც რომ უნდა ახორციელბდეს ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობაზე და ჩვენ ხშირად გვაქვს შეკითხვები და კრიტიკული დამოკიდებულება მთავრობის საქმიანობის მიმართ. სწორედ ეს არის დემოკრატია”, – აღნიშნა ჩაფიძემ.


ცნობისთვის: კობა დავითაშვილს მიაჩნია, რომ განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა შრომის კოდექსთან დაკაშვირებით გამოთქმული ფრაზის გამო ბოდიში უნდა მოიხადოს, ან თანამდებობიდან გადადგეს. ეს განცხადება პარლამენტარმა პირველი რადიოს პრესკლუბში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე გაახმოვანა. კობა დავითაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილისგან შეურაცხყოფილია. პარლამენტარს პრემიერის სიტყვებიდან ყველაზე მეტად გული დასწყვიტა შემდეგმა: “სერგეენკო უფრო მეტს აკეთებს, ვიდრე კობა დავითაშვილი აკეთებს, ან გაუკეთებია”.


“ასეთი შეურაცხყოფა არც ერთი ოპონენტისგან არ მიმიღია”– იხსენებს კობა დავითაშვილი,– მე ვენდობი სერგეენკოს. საკითხში არ ჩამიხედავს, მაგრამ ვენდობი.” პარლამენტარი ამბობს, რომ მას სერგეენკოსთვის ბრალი არაფერში დაუდია, უბრალოდ, მიაჩნია, რომ სქემა, რომელიც წინა მთავრობის დროს მოქმედებდა და ახლაც მოქმედებს დამზღვევსა და დაზღვეულს შორის, კორუფციულია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი