ახალი ამბებიხელოვნება

მოგზაურობა სტეინბეკისა და კაპას კვალდაკვალ 70 წლის შემდეგ

24 აგვისტო, 2017 • 5755
მოგზაურობა სტეინბეკისა და კაპას კვალდაკვალ 70 წლის შემდეგ

70 წელი შესრულდა ფოტოგრაფების პირველი მსოფლიო გაერთიანება “მაგნუმის” დამაარსებლის, ცნობილი ომის ფოტოგრაფის, რობერტ კაპას და ამერიკელი ნობელიანტი მწერლის, ჯონ სტეინბეკის მოგზაურობიდან საბჭოთა კავშირის სამ ქვეყანაში – რუსეთში, უკრაინასა და საქართველოში. სწორედ ამ თარიღისა და “მაგნუმის” იუბილესთან დაკავშირებით ფოტოგრაფი ტომას დვორჟაკი და ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი ამავე მარშრუტს გაიმეორებენ.

მოგზაურობის შედეგად კაპამ და სტეინბეკმა შექმნეს იმ დროისათვის უჩველო მასალა უცნობი საბჭოთა ცხოვრების შესახებ, რასაც მოჰყვა საგაზეთო პუბლიკაციები და სტეინბეკის წიგნი “რუსული დღიური”, რომელსაც თან ახლდა რობერტ კაპას მიერ მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები. 1947 წელს მათ ორი თვე დაჰყვეს საბჭოთა კავშირში და მოინახულეს მოსკოვი, სტალინგრადი, კიევი, უკრაინის რამდენიმე სოფელი და საქართველოს ქალაქები.

წლევანდელი იუბილის ფარგლებში ფოტოსააგენტომ გადაწყვიტა ამ პროექტის თანამედროვე ვერსიის შექმნა თანამედროვე ფოტოგრაფისა და მწერლის მონაწილეობით, რომლებიც გაივლიან იმავე გზას და აღწერენ ადამიანებს იმავე სივრცეში.

კაპას როლს შეასრულებს “მაგნუმის” მოქმედი პრეზიდენტი თომას დვორჟაკი, რომელიც გადაიღებს ფოტოებს, ხოლო სტეინბეკის როლს-ბრიტანელი ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი, რომელიც გააკეთებს მოგზაურობის ჩანაწერებს. ისინი უკვე იყვნენ უკრაინასა და რუსეთში. დღეიდან კი მოგზაურობას საქართველოში იწყებენ.

შტრაუსის თქმით, ამ დროისათვის არმოჩენილი საარქივო მასალებით დასტურდება, რომ სამ ქვეყანაში სტეინბეკისა და კაპას მოგზაურობა მკაცრად კონტროლდება. შეხვედრები, რომლებიც მათ შემთხვევითობა ეგონათ საბჭოთა ხელისუფლების პირობებში წინასწარ დაგეგმილი იყო. იმის მიუხედავად, რომ მათი მთავარი მიზანი იყო ეჩვენებინათ, უბრალოდ, საბჭოთა მოქალაქის ცხოვრება – რას ჭამდნენ, რას იცვამდნენ, რა აინტერესებდათ და ა.შ.

“მაშინ, როდესაც ისინი უკრაინაში ერთი დღის განმავლობაში უკვე მესამედ სადილობდნენ, იმ დროს უკრაინის ნაწილი შიმშილობდა… მათ ყველა ადამიანმა, რომელიც შეხვდათ, უთხრა, რომ ძალიან უყვარდათ საბჭოთა კავშირი, რაც რა თქმა უნდა, ასე არ იყო,” – ამბობს შტრაუსი.

მისი თქმით, ამ ეტაპზე ისინი თავისუფალი იქნებიან შემოქმედებითაც და საშუალება ექნებათ, ერთი მხრივ, გაყალბებული ისტორია კიდევ ერთხელ გაანალიზონ.

ფოტოგრაფ თომას დვორჟაკისთვის საქართველოს საკმაოდ კარგად არის ცნობილი, ის წლებია ხშირად სტუმრობს ქვეყანას.

პროექტის “რუსული დღიურის კვალდაკვალ” პირველი გამოფენა თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის ფარგლებში, 18 სექტემბერს, 19:00 საათზე თიბისის ბანკის საგამოფენო სივრცეში გაიხსნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი