ახალი ამბები

თავდაცვის მინისტრი: ბორჯომში სამხედროების გამოყენება დიდი რისკია

23 აგვისტო, 2017 • 2682
თავდაცვის მინისტრი: ბორჯომში სამხედროების გამოყენება დიდი რისკია

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ბორჯომში სამხედრო ძალების გამოყენების საჭიროება მინიმუმამდეა დაყვანილი.

“მსგავსი გეგმა არ არსებობს. გამომდინარე რთული რელიეფიდან, აქ ცოცხალი ძალის გამოყენება არის მინიმუმამდე დაყვანილი. შესაბამისად, პრიორიტეტი ენიჭება ტექნიკას, თქვენ ხედავთ, რომ უწყვეტ რეჟიმში ხდება ვერტმფრენებიდან წერტილოვნად წყლის დასხმა, კერების ლოკლიზება. სამწუხაროდ, ძლიერი ქარი აღვივებს ცეცხლს, წინასწარ პროგნოზირება, სად გაჩნდება კერა, შეუძლებელია. მაქსიმალურად ვახორციელებთ წინასწარ მონიტორინგს, სადაც ხდება კერების იდენტიფიცირება. თუ ატენის რელიეფიდან გამომდინარე შესაძლებელი იყო ცოცხალი ძალის გამოყენება, აქ რელიეფი არის საკმაოდ რთული. ცოცხალი ძალის გამოყენება დიდი რისკებთან არის დაკავშირებული. გავითვალისწინეთ საერთაშორიო პრაქტიკა და სტანდარტები, რაც არსებობს ამ შემთხვევაში. აუცილებელი და მიზანშეწონილია, მაქსიმალურად იქნეს გამოყენებული ვერტმფერენების შესაძლებლობა”, -განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გამოსცა ბრძანება საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ. პრეზიდენტის ბრძანება 22 აგვისტოთია დათარიღებული, თუმცა ის 23 აგვისტოს, ღამით გავრცელდა.

უკვე მეოთხე დღეა, ბორჯომის ხეობაში ხანძარს ებრძვიან. ხანძარი სოფელ დაბასთან, 2008 წლის ომის დროს დამწვარ ტერიტორიასთან 20 აგვისტოს, შუადღისას გაჩნდა. 21 აგვისტოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ განაცხადა, რომ მოხერხდა ხანძრის ლოკალიზება, რომელიც იმ დროისთვის 5 ჰექტარ ტერიტორიაზე იყო მოდებული.

21 აგვისტოსვე საქართველოში შემოვიდა აზერბაიჯანული მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი. საღამოს ძლიერი ქარის გამო ხანძარი გაძლიერდა და კერები მომრავლდა, ღამით კი ვერტმფრენები ცუდი ხილვადობისა და ქარის გამო მუშაობას ვერ ახერხებდნენ.

22 აგვისტოს დილით უკვე 12 ჰექტარზე მეტი ფართობი იყო დამწვარი. 23 აგვისტოს ხანძარს ებრძვიან მეხანძრე-მაშველები, ტექნიკა და ვერტმფრენები. ორი ქართული ვერტმფრნის გარდა, ოპერაციაში მონაწილეობენ აზერბაიჯანის, თურქეთის და ბელორუსის ვერტმფრენები. სომხეთი კი ქართველ მაშველებს ტექნიკით ეხმარება.

მასალების გადაბეჭდვის წესი