ახალი ამბები

უფასო ავტობუსები თბილისის სასაფლაოებისკენ

6 მაისი, 2013 •
უფასო ავტობუსები თბილისის სასაფლაოებისკენ

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 5 და 6 მაისს, 08.00-19.00 საათებში თბილისის ავტობუსები სასაფლაოების მიმართულებით უფასოდ იმოძრავებენ.

 

მორწმუნეები აღდგომის მომდევნო დღეს საფლავებზე გადიან. მოცვალებულების გასხენების დღე საეკლესიო დღესასწაულად მიჩნეული არ არის. ტრადიციულად, სასაფლაოზე  სხვა კერძებთან ერთად სააღდგომო ლელანგოები და შეღებილი კვერცხები მიაქვთ.

 

თბილისის მერიამ სასაფლაოების მიმართულებით უფასო საქალაქო ავტობუსები დანიშნა, რომლებიც ძირითადად მეტროსაგურებიდან გავლენ ახლომდებარე სასაფლაოებისკენ:

 

მუხათგვერდისა და ვაშლიჯვრის სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები გავლენ  მეტროსადგურ “დიდუბის” ზედა გამოსასვლელიდან, ხოლო “სადგურის მოედნიდან” და “მარჯანიშვილიდან” – კუკიის სასაფლაოს მიმართულებით; “დელისიდან” – საბურთალოს სასაფლაოს მიმართულებით.

 

“სარაჯიშვილის” მეტროსადგურიდან- “თბილისის ზღვის” სასაფლაოს მიმართულებით, ხოლო ჭიჭინაძის ქუჩადან  – “ვერის” სასაფლაოს მიმართულებით, შუამთის ქუჩიდან და მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ – ვარკეთილის სასაფლაოს მიმართულებით.

 

ასევე  შაბათს,  ღამის 12.00 საათიდან კვირას, 03.00 საათამდე მეტროპოლიტენით გადაადგილებაც იქნება უფასო,– აცხადებს თბილისის მერია.

 

საპატრულო პოლიციის განცხადებით, თბილისის ქუჩების გადაკეტვა ტრანსპორტის მოძრაობის რეგულირების მიზნით არ იგეგმება. საპატრულო პოლიცია მოელის, რომ სასაფლაოების მიმართულებით  ინტენსიური მოძრაობა იქნება.

 

საქართველოს ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი