ახალი ამბები

ილია მეორე: სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის

5 მაისი, 2013 •
ილია მეორე: სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის

“უდიდესი დანაშაული, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში ხდება, არის მუცლადღებულ ყრმათა მკველელობა, – აბორტი. მე ადრეც შევეხე ამ თემას, მაგრამ კვლავ მინდა მასზე ყურადღების გამახვილება.  ბოროტმოქმედის სიკვილით დასჯა მრავალ ქვეყანაში, და მათ შორის საქართველოშიც, “აკრძალულია და ეს კარგია, რათა ადამიანს მიეცეს ცოდვის გამოსყიდვის შესაძლებლობა. (მათ მიმართ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს მკაცრი აღმკვეთი ღონისძიებები, რომელიც მიმართული იქნება პიროვნების გამოსწორებისათვის). აბორტი კი არის მშობლების გადაწყვეტილებითა და მონდომებით სრულიად უსუსური, უდანაშაულო არსების საზარელი მკვლელობა. ამ მკვლელობის უშუალო თანამონაწილეა ექიმიც.  დღემდე დაუბრკოლებლად ხორციელდება ჩვილების ეს უმოწყალო ხოცვა და მათ აქტიური დამცველი არავინ ჰყავთ, _ არც სახელმწიფო და არც საზოგადოება”– ნათქვამია ეპისტოლეში. 

მასში ასევე აღნიშნულია, რომ აბორტს და მუცლის მოშლის გამომწვევ საშუალებებს კრძალავდნენ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში (ჰიპოკრატეს ფიცი), ისევე როგორც რომის იმპერიაშიც და რომ  ქრისტეს ეკლესია მას განიხილავდა და განიხილავს როგორც უმძიმეს მომაკვდინებელ ცოდვას.

“მსოფლიოში პირველად ბოლშევიკური მმართველობის პერიოდში ათეისტურმა ხელისუფლებამ აბორტი ნებადართულად გამოაცხადა 1920 წელს. 1936 წლიდან 1955 წლამდე იგი ისევ აიკრძალა, მაგრამ დღეს, როგორც პოსტსაბჭოთა სივრცეში, ისე ევროპასა და მსოფლიოს სხვა მრავალ ქვეყანაში, იგი კვლავ ნებადართულია და მასმედიის საშუალებითა და ლიბერალური იდეოლოგიის გავლენით, წახალისებულიც ბოროტმოქმედი რომ დაემუქროს დედას, შენი შვილები დახოცე, თორემ მოგკლავო, იგი ხომ თავის სიკვდილს ამჯობინებს და ეს ბუნებრივიცაა. მაშ, როგორ თანხმდება იგი მუცლადმყოფი შვილის წამებით სიკვდილს?! მით უმეტეს, ყველამ უკვე იცის, რომ რამდენი დღისაც არ უნდა იყოს ნაყოფი, მას ისეთივე განცდა აქვს ტკივილისა, როგორიც ზრდასრულს”.– ნათქვამია ეპისტოლეში. 

ეპისტოლედან ირკვევა, რომ ილია მეორისთვის გაუგებარია,  მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ხანაში, როდესაც ყველამ იხილა ფილმი ,,ჩუმი ძახილი,” როგორღა დგამს ამ ნაბიჯს მშობელი, ან როგორ აკეთებს ამას ექიმი-გინეკოლოგი?

“ამ ცოდვის სიმძიმე იმითაც ვლინდება, რომ ხშირად აბორტი იწვევს უნაყოფობას, ნაადრევ მშობიარობებს, ჯანმრთელობის გაუარესებას, ფსიქიკის დაზიანებას, აბორტის შემდეგ დაბადებულ ბავშვებში კი – ნერვიულ გამოვლინებებს. ამიტომაც არის ამდენი დანგრეული ოჯახი დღეს საქართველოში, ამდენი მკვდრადშობილი ნაყოფი და ჩვილთა შორის გახშირებული სიკვდილიანობა. ყოველივე ეს კი როგორც ცალკეულ ოჯახებს, ისე მთელ სახელმწიფოს უდიდეს დანაშაულად აწვება.ვისაც ეკონომიური პრობლემების გამო შვილის გაჩენა არ სურს, ან სხვა რაიმე მიზეზით მუცლადღებული ნაყოფი მისთვის მიუღებელია, გთხოვთ, ნუ ჩაიდენთ ამ საშინელ ცოდვას, თუ თქვენ ვერ ახერხებთ მის გაზრდას, ეკლესია უპატრონებს მათ.  როგორც ცნობილია, ოფიციალური მონაცემებით, ყოველწლიურად საქართველოში 36 000 აბორტი კეთდება, (რეალურად კი გაცილებით მეტი შემთხვევაა), მკვდრადშობილ ჩვილთა რაოდენობა კი 1400-მდე აღწევს”.

 

პატრიარქი სახელმწიფოს მოუწოდებს, დემოგრაფიული მდგომარეობის გათვალისწინებით, კანონის მიღებას, რომელიც აბორტს აკრძალავს:

 

“დღეს, როდესაც ასეთი მძიმე მდგომარეობაა დემოგრაფიული თვალსაზრისით, ვფიქრობთ, სახელმწიფომ უნდა მიიღოს სათანადო კანონი აბორტის აკრძალვისათვის. (რა თქმა უნდა, გამონაკლისი შემთხვევებიც უნდა იყოს გათვალისწინებული).  მანამდე კი, მასმედიის საშუალებებს შეუძლიათ უდიდესი დადებითი როლი შეასრულონ და დიდი მადლიც მოიპოვონ, თუ შექმნიან სათანადო განწყობას მრავალშვილიანობის წასახალისებლად და აბორტის საწინააღმდეგო განწყობის შესაქმნელად.  მთავარი სწორედ განწყობის შექმნაა”.

 

5 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი და ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია აღდგომას აღნიშნავენ.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი