ახალი ამბები

მუსლიმთა სამმართველო ბათუმში მეჩეთის საკითხზე გამოკითხვის შედეგებს არ ენდობა

2 მაისი, 2013 • 1055
მუსლიმთა სამმართველო ბათუმში მეჩეთის საკითხზე გამოკითხვის შედეგებს არ ენდობა

ამ გამოკითხვის მიხედვით, რომელიც ბათუმში 25 მარტიდან 25 აპრილამდე ჩატარდა, 59 128 მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 94,26% ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგია, 2,30 % მხარს უჭერს მეჩეთის აშენებას, 2,545 % მოქმედი მეჩეთის გაფართოების მომხრეა, ხოლო 0,90 % თანახმაა მეჩეთი აშენდეს ბათუმის 2010 წლამდე დადგენილი საზღვრების გარეთ. 

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო დღეს გამოქვეყნებულ გამოკითხვის შედეგებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

 

„სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო შეშფოთებულია საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ დღეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციაზე, სადაც საუბარია ქ. ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობასთან დაკავშირებით ჩატარებულ გამოკითხვაზე.

 

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო არ ცნობს ამ ტიპის გამოკითხვის შედეგებს, რამეთუ ჩვენთვის და საერთოდ ჩვენი მრევლისთვის უცნობია, საზოგადოების რა ნაწილი იქნა გამოკითხული. მიგვაჩნია, რომ ამ სახის გამოკითხვა არის ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, ვინაიდან მეჩეთის აშენების საკითხი უნდა გადაწყვიტოს მუსლიმმა მრევლმა და არა სხვა აღმსარებლობის ადამიანებმა. საქართველო ეკუთვნის ყველა მის მოქალაქეს თანაბრად, განურჩევლად აღმსარებლობისა. 

 

კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ქ. ბათუმში არსებული ერთადერთი მეჩეთი ვერ იტევს მლოცველებს და არის აუცილებლობა ახალი მეჩეთის აშენების. იმედი გვაქვს და ღრმად ვართ დარწმუნებული იმაში, რომ საქართველოს ხელისუფლება და უშუალოდ ბატონი პრემიერ-მინისტრი, რომელიც გამოთქვამს მზაობას ქართული რესურსით ქ. ბათუმში ახალი მეჩეთის აშენებასთან დაკავშირებით, არ ცნობს საქართველოს პატრიოტთა ალიანსის მიერ ჩატარებულ არასამართლიან გამოკითხვას,“ – ნათქვამია განცხადებაში. 

 

„ჩვენ გამოვკითხეთ სამოცი ათასი კაცი. აქედან 55 ათასზე მეტმა კაცმა თქვა, რომ მე არ მინდა მეჩეთის აშენება. ბათუმელების 94%-ს არ სურს მეჩეთის აშენება. ბათუმელები არიან როგორც მართლმადიდებლები, ისე მაჰმადიანები. რომელიღაცა ორგანიზაცია არ ცნობს ამ შედეგებს. რას ნიშნავს ეს? ის არ ცნობს 60 ათასი კაცის არჩევანს,“ – განაცხადა “საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელი დავით თარხან-მოურავმა „ნეტგაზეთთან“ საუბარში.

მასალების გადაბეჭდვის წესი