ახალი ამბები

“National Geographic საქართველოს” მაისის ნომრის მთავარი თემა იუდას სახარებაა

30 აპრილი, 2013 • 1657
“National Geographic საქართველოს” მაისის ნომრის მთავარი თემა იუდას სახარებაა

მე-20 საუკუნის მიწურულს ეგვიპტის უდაბნოში საუკუნეების განმავლობაში დამალულ ერთ საოცარ ხელნაწერს მიაკვლიეს, თუმცა იგი პერიოდულად ისევ იკარგებოდა ანტიკვარიატით მოვაჭრეთა იატაკქვეშეთში. პაპირუსი ფრაგმენტებად იშლებოდა და ნაწერიც სამუდამო გაუჩინარების ზღვარზე იყო, სანამ მეცნიერებთან მოხვდებოდა და პირველი წინადადება გაიშიფრებოდა:

 

„საიდუმლო ამბავი გამოცხადებისა, რომლის შესახებ იესო ელაპარაკა იუდა ისკარიოტელს…“ და სწორედ აქ იწყება ამბავი დიდი ვნებათაღელვისა:

 

  • მართლა უძველესია ეს პაპირუსი, თუ ჩვეულებრივ სიყალბესთან გვაქვს საქმე?

  • თუ მართლა ძველისძველია და თვითმხილველი წერს, მაშინ რა გამოდის!?

  • ნუთუ შეთანხმებული იყვნენ ისკარიოტელი და მაცხოვარი იუდას ღალატზე? თუ ეს ასეა, მაშინ,

  • იქნებოდა ქრისტიანობა იუდას გარეშე ისეთი, როგორსაც ჩვენ დღეს ვიცნობთ და, აქედან გამომდინარე,

  • იმსახურებს კი მოწაფეებს შორის ოდესღაც რჩეული იმ ბედს, რაც მას ჩვენ, ქრისტიანებმა, ვარგუნეთ?

     

ეს და სხვა მრავალი კითხვა დღემდე ცხარე დისკუსიის საგანია. თუმცა, National Geographic საქართველოს მაისის ნომერში გამოქვეყნებული ენდრიუ კოუბერნის ეს ძალიან საინტერესო სტატია სრულად გამოხატავს ამ ცნობილი ჟურნალის ანალიტიკური სტატიების სულს – სინთეზში მოიყვანოს სხვადასხვა საკვლევი სფეროები, დასკვნის გაკეთება მიანდოს მკითხველს და, რა თქმა უნდა, დატოვოს სივრცე საინტერესო დისკუსიისთვის.

 

სტატიაში დინამიკურად ენაცვლება ერთმანეთს დეტექტივის ელემენტები, ახალი ტექნოლოგიების გამოყენება თუ არქეოლოგიური აღმოჩენები, ისტორიული ანალიზი და რელიგიური მოსაზრებები. რაც მთავარია, სტატია მკითხველში ბადებს შეკითხვებს და კამათის სურვილს აღვიძებს. ჭეშმარიტება ხომ კამათში იბადება.

 

National Geographic საქართველოს მაისის ნომერში, სხვადასხვა საინტერესო რუბრიკების და უმაღლესი კლასის ფოტოსესიების პარალელურად, ასევე გაეცნობით:

 

  • შაო-ლინის ცნობილი მონასტრის კუნგ-ფუს სკოლას, სადაც მიმდევრები ადამიანური შესაძლებლობების ზღვარს გადადიან.

  • საინტერესო სტატიას ხელოვნურ ინტელექტზე – 21-ე საუკუნის რობოტები უკვე ფიქრობენ, გრძნობენ და, ასე განსაჯეთ, სულ უფრო მრავლდებიან კიდეც. 

  • პოპულარულად გადმოცემულ სტატიას ქიმიური ელემენტებზე (არ არის საჭირო იყოთ ქიმიკოსი, სტატია აუცილებლად ჩაგითრევთ!), სადაც მეცნიერები უჩვეულო მეთოდებით ცდილობენ უსაზღვრო პოტენციალის მქონე ახალი ელემენტების შექმნას და ანალიზს იმის შესახებ თუ რა უქადის ეს სამყაროს

  • ვისაც გეოპოლიტიკა აინტერესებს, აუცილებლად ჩაიძირება ზიმბაბვეს სისხლიანი მმართველობის ბოლო 50-წლიანი ისტორიაში.

  • მკითხველს ტრადიციულად მოხიბლავს ველური ბუნების ამსახველი საოცარი სტატია ლამანტინებზე – ამ უჩვეულო ნირისა და გარეგნობის უწყინარ არსებებზე, რომელთა გადარჩენაც ჩვენზეა დამოკიდებული.

 

“National Geographic საქართველო” გამოწერა შესაძლებელია როგორც ონლაინ  www.natgeo.ge/subs,  ასევე, სილქტივის მენიუში ინტეგრირებული გამოწერის სერვისით. რედაქცია უზრუნველყოფს ჟურნალი სასურველ მისამართზე მიტანას თბილისსა და რეგიონებში.

 

ჟურნალ “National Geographic საქართველოს” გამოსცემს ორგანიზაცია “ენჯი საქართველო” (NG Georgia), რომელიც 2012 წელს დაარსდა თბილისში, კომპანია სილქნეტის სპონსორობით.  როგორც რედაქციაში აცხადებენ, ჟურნალის გამოცემის პარალელურად, “ენჯი საქართველოს (NG Georgia)” ამოცანებია საქართველოში გეოგრაფიული, არქეოლოგიური, ისტორიული, ბიოლოგიური და სხვა ნებისმიერი საბუნებისმეტყველო სპეციალიზირებული ფუნდამენტური თუ გამოყენებითი კონკრეტული კვლევების ხელშეწყობა და/ან მათი განხორციელება.


National Geographic მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალია, რომელიც 1888 წლიდან გამოდის. იგი იბეჭდება 37 ენაზე და 100-ზე მეტ ქვეყანაში ვრცელდება. National Geographic-ს მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 100 მილიონი მკითხველი ყავს.”National Geographic საქართველო” უმაღლესი დონის ფოტოგრაფიის თანხლებით სახალისოდ მოგითხრობთ ძალიან საინტერესო ამბებს ისეთი სფეროებიდან, როგორიცაა, ისტორია, არქეოლოგია, ანთროპოლოგია/ეთნოგრაფია, რელიგიათმცოდნეობა, ახალი ტექნოლოგიები, მედიცინა, ბიოლოგია, ფიზიკა, ასტრონომია/ასტროფიზიკა, გეოგრაფია, მეტეოროლოგია/კლიმატი, გეოლოგია, ველური ბუნება და არქიტექტურა. ეს არასრული ჩამონათვალია, რადგან ჩვენ ვაშუქებთ ყველა იმ სფეროს, რომელსაც „ზურგს უმაგრებს“ ნებისმიერი მიმართულების აკადემიური მეცნიერება.

მასალების გადაბეჭდვის წესი