ახალი ამბები

ყოფილი ლეიბორისტები ახალ პარტიას 1 მაისს აფუძნებენ

30 აპრილი, 2013 • • 1938
ყოფილი ლეიბორისტები ახალ  პარტიას 1 მაისს აფუძნებენ

როგორც “ნეტგაზეთს” ლეიბორისტული პარტიის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა სოსო შატბერაშვილმა განუცხადა, “მემარცხენე ალიანსის” სადამფუძნებლო ყრილობა 1 მაისს სპეციალურად დაამთხვიეს.


“ხვალ არის მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღე, ამიტომ, ჩვენ როგორც მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიის წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ სწორედ ამ დღეს დაგვემთხვია ჩვენი სადამფუძნებლო ყრილობა. ხვალ დაფუძნდება ახალი პარტია “მემარცხენე ალიანსი”, გაცხადდება პარტიის წესდება და მისი პროგრამა.


ჩვენი პროგრამის ძირითადი პუნქტები და პრიორიტეტბი იქნება: მშრომელთა უფლებების დაცვა, რვასაათიანი სამუშაო დღე, 5–დღიანი სამუშაო კვირა, ხელფასიანი შესვენება, სამართლიანი ანაზღაურება და ბავშვთა შრომის აკრძალვა. ეს ყველაფერი იქნება ჩვენს პროგრამაში. ჩვენი მიზანი იქნება, რომ საქართველო სოციალური სამართლიანობის პრინციპის გამტარებელ ქვეყანად ჩამოყალიბდეს. არავინ უნდა დარჩეს სახლ–კარის გარეშე, ვიზრუნებთ დევნილთა ღირსეულ ცხოვრებაზე”, – განაცხადა შატბერაშვილმა “ნეტგაზეთთან” საუბარში.


მისი თქმით, პარტიის შესახებ საზოგადოება ყველა დამატებით ინფორმაციას, მათ შორის იმას, თუ ვინ იქნებიან მისი წევრები, ხვალ შეიტყობს. მემარცხენე ალიანსის სადამფუძნებლო ყრილობა 1 მაისს, 16:00 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის სააქტო დარბაზში გაიმართება.


შეგახსენებთ, რომ ჯიბლაძემ, ძაგანიამ და შატბერაშვილმა პოლიტსაბჭოს კიდევ სამ წევრთან ერთად ლეიბორისტული პარტია საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვეს

მასალების გადაბეჭდვის წესი