ახალი ამბები

ჭავჭავაძის გამზირზე მერიის ნებართვით ხეები მოჭრეს, იგეგმება მშენებლობა

17 აგვისტო, 2017 • 12121
ჭავჭავაძის გამზირზე მერიის ნებართვით ხეები მოჭრეს, იგეგმება მშენებლობა

თბილისის მერიის ნებართვით, ჭავჭავაძის გამზირის 82 ნომერში ხეები მოჭრეს, რომლებიც კერძო მიწის ნაკვეთზე მდებარეობდა.

ადგილობრივმა მცხოვრებმა, ირაკლი ჯუღელმა “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დაახლოებით 10 ხეა მოჭრილი. იმის გამო, რომ ეს კერძო საკუთრებაა, მოქალაქეებს შესვლის უფლება არ აქვთ.

ხეების ჭრა ჭავჭავაძის გამზირზე, ფოტო: ირაკლი ჯუღელი ხეების ჭრა ჭავჭავაძის გამზირზე, ფოტო: ირაკლი ჯუღელი ხეების ჭრა ჭავჭავაძის გამზირზე, ფოტო: ირაკლი ჯუღელი

როგორც ირაკლი ჯუღელი ამბობს, მას წარუდგინეს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ხეებს მერიის ნებართვით ჭრიდნენ. მერიაშიც დაადასტურეს, რომ ხეების მოჭრაზე ნებართვაა გაცემული, თუმცა მერია არკვევს დამატებით დეტალებს.

მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ გაცემულ ნებართვაში, რომელიც ირაკლი ჯუღელმა ფეისბუკზე გამოაქვეყნა, წერია, რომ მესაკუთრემ მერიას 14 ივლისს მიმართა  15 წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე-მცენარის მოჭრაზე ნებართვის მისაღებად.

ნებართვაში წერია, რომ მესაკუთრეს უფლება მისცეს, მოეჭრა 5 ძირი ელდარის ფიჭვი და 3 ძირი ჰიმალაის კედარი. მესაკუთრემ ხეების მოჭრაზე ნებართვის მისაღებად ფული გადაიხადა.

ხოლო 1 ძირი ელდარის ფიჭვის, 2 ძირი იფნისა და 3 ძირი პალასის ფიჭვის მოჭრაზე მერიას ნებართვა არ  მიუცია და დაავალა, რომ გადარგოს თავისსავე ტერიტორიაზე მცენარეთა სავეგეტაციო პერიოდში.

აღნიშნული სამშენებლო ტერიტორია კომპანია “მესხს” ეკუთვნის. კომპანია “მესხი” თიბისი ბანკის იპოთეკითაა დატვირთული.

მერიის არქიტექტურის სამსახურის მონაცემებით, კომპანიამ სამსახურს მიმართა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მისაღებად, თუმცა არსებული ხე-მცენარეები მას მშენებლობის დაწყებაში ხელს უშლიდა.

ჭავჭავაძის 84-ში ასაშენებელი შენობის პროექტი

ჭავჭავაძის 82-ში ასაშენებელი შენობის პროექტი

ssssss1

საჯარო რეესტრის მონაცმეებით, კომპანია მესხი შპს”კერკირასა (50%) და რუსეთის მოქალაქეს, ირინა მალცევას (50%) ეკუთვნის.

შპს “კერკირას” მფლობელები არიან მანანა დუელი (38%), ნინო ღვინჯილია (25%), თინათინ აბაშიძე (15%), თამარ შაიშმელაშვილი (15%), ალექსანდრე ზღულაძე (7%).

მოქალაეებმა დღეს, 17 აგვისტოს თბილისის მერიასთან აქცია დანიშნეს, სახელწოდებით “შეწყდეს ხეების მოჭრაზე ხელის მოწერა მერიაში”, სადაც ჭავჭავაძის გამზირზე ხეების მოჭრას გააპროტესტებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი