ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის მილიციის შენობიდან გაათავისუფლეს

17 აგვისტო, 2017 • 4017
თამარ მეარაყიშვილი ახალგორის მილიციის შენობიდან გაათავისუფლეს

თამარ მერაყიშვილი, ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და ნეტგაზეთის “ფრილანსერი” ჟურნალისტი ახალგორიდან,  სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცავებმა რამდენიმესაათიანი დაკავების შემდეგ გაათავისუფლეს.

ამ ეტაპზე უცნობია მისი დაკითხვის დეტალები, თუმცა საქმე შეეხება მეარაყიშვილის მიერ დე ფაქტო რესპუბლიკის მმართველი პარტიის, “ერთიანი ოსეთის” მიმართ პატივისა და ღირსების შელახვის ბრალდებას, რაზეც მეარაყიშვილი რამდენიმე კვირის წინ დაკითხეს.

დაკავების შემდეგ სამართალდამცავებმა თამარ მეარაყიშვილის ბინაში, მისი და მისი ოჯახის თანდასწრებით, ჩხრეკა ჩაატარეს. სახლიდან კომპიუტერი, გარკვეული საბუთები და მისი პირადი ტელეფონი წაიღეს. ბინის ჩხრეკის დროს საჭირო გახდა ოჯახის წევრებისთვის სასწრაფო დახმარების გამოძახება.


თამარ მეარაყიშვილი, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალამცავებმა დღეს, 16 აგვისტოს საღამოს ახალგორში დააკავეს. დაკავების პროცესში თამარ მეარაყიშვილმა მოასწრო დარეკვა “ეხო კავკაზას” კორესპონდენტთან. აუდიოჩანაწერში ისმის, როგორ ეუბნებიან მას, რომ დაკავების მიზეზს “იქ” [მილიციაში] აუხსნიან.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი, რომელიც ფეისბუკის საკუთარ გვერდზე და რუსულენოვან გამოცემა “ეხო კავკაზასთან” რესპონდენტის სტატუსით რაიონის პრობლემურ საკითხებზე, მათ შორის ხელმძღვანელ პირთა ქმედებებზე, მუდმივად წერს და საუბრობს, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებში დაკითხვაზე პირველად არ დაუბარებიათ.

2017 წლის 8 ივნისს თამარ მეარაყიშვილი დაკითხვის თუ დაშინების მიზნით ახალგორიდან ცხინვალში გაიტაცეს. სამოქალაქო აქტივისტის გაუჩინარების შესახებ ინფორმაციის სოციალური ქსელით გავრცელებამ და საერთაშორისო მხარეთა ჩართულობამ შედეგი გამოიღო. გამტაცებლებმა ის კვლავ საკუთარ სახლში, ახალგორში მიიყვანეს, თუმცა კითხვაზე, ვინ იყვნენ გამტაცებლები და კონკრეტულად რით დაემუქრნენ მას, არ პასუხობს. მეარაყიშვილის გატაცების საკითხი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დროს ივნისში დისკუსიის თანათავმჯდომარეებმაც წამოაყენეს.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორის რაიონის სახელით ხშირად მონაწილეობს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კონფლიქტური რეგიონებისა და ამ საკითხებზე გამართულ კონფერენციებში, რომლებიც თბილისში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ ეწყობა.

ახალგორის რაიონი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ თბილისიდან ცხინვალის კონტროლის ქვეშ გადავიდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი