ახალი ამბები

ბექა წიქარიშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ 30 აგვისტოს გახდება ცნობილი

16 აგვისტო, 2017 • 3834
ბექა წიქარიშვილის საქმეზე განაჩენი სავარაუდოდ 30 აგვისტოს გახდება ცნობილი

დღეს, 16 აგვისტოს, ბექა წიქარიშვილის გახმაურებულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მორიგი პროცესი გაიმართა, სადაც მხარეებმა დასკვნითი რეპლიკები წარმოთქვეს. მომდევნო პროცესი 30 აგვისტოს დაინიშნა და, სავარაუდოდ, 30-შივე გახდება ცნობილი სასამართლოს განაჩენი.

ბექა წიქარიშვილი 2013 წლის მაისში 69 გრამი მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობის ბრალდებით დააკავეს. გირაოს საფუძველზე გათავისუფლებულ წიქარიშვილს, კანონის ძველი რედაქციით, 7-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა.

“მადლობელი ვარ იმისთვის, რომ გავხდი იმ ათასობით ადამიანის ტკივილის თანაზიარი, ვინც ნარკოდანაშაულში არის ბრალდებული,”- განაცხადა მან პროცესზე.

ბექა წიქარიშვილმა სასამართლო პროცესზე მადლობა გადაუხადა სასამართლოს იმისთვის, რომ თავისი უდანაშაულობის დამტკიცების საშუალება საკონსტიტუციო სასამართლოში მიეცა. ასევე – ბრალდების მხარეს იმისთვის, რომ არ გაუფორმა საპროცესო შეთანხმება, რასაც 2013 წელს თავად ბექა წიქარიშვილი ითხოვდა. მან განაცხადა, რომ არ იცოდა, როგორი იქნებოდა ახლა მისი ცხოვრება, პროკურატურას რომ საპროცესო შეთანხმება გაეფორმებინა.

ბექა წიქარიშვილმა პროცესზე ასევე მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც მასთან ერთად იბრძოდა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისთვისთვის. ასევე, მან მადლობა გადაუხადა კანონმდებლებს.

წიქარიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გრძელვადიანმა საპროტესტო ტალღამ მოიტანა ის, რომ დღეს ამ დანაშაულისთვის საპატიმრო სასჯელს კანონი აღარ ითვალისწინებს. მისივე თქმით, იმედი აქვთ, რომ შემოდგომით პარლამენტი დეკრიმინალიზაციის რეფორმას დაამტკიცებს.

რა შეეხება სასჯელს, EMC-ის იურისტი, სოფო ვერძეული მიიჩნევს, რომ სასამართლო თუკი დამნაშავედ ცნობს ბექა წიქარიშვილს, მან სასჯელი არ უნდა დანიშნოს:

“იმ შეწმთხვევაშიც კი, თუკი სასამართლო ჩათვლის, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა იყოს გამოტანილი, ვფიქრობთ, რომ განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად უნდა იყოს გამოტანილი და ბექა წიქარიშვილს არ უნდა შეეფარდოს სასჯელი გამომდინარე იქიდან, რომ მისი საქმის დაწყებიდან დღემდე რამდნეიმეჯერ შეიცვალა კანონმდებლობა და სასამართლომ უნდა გამოიყენოს კანონმდებლობის ის რედაქცია, რომელიც იყო ყველაზე მსუბუქი. ყველაზე მსუბუქი იყო ის რედაქცია, როემლიც მოქმედებდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ამ წლის ივლისამდე, სანამ პარლამენტი შეიტანდა საბოლოო ცვლილებებს კანონმდებლობაში – ეს იყო მოცემულობა, როდესაც ბექასთვის წარდგენილი ბრალისთვის სასჯელი არ არსებობდა,”- ამბობს EMC-ის წარმომადგენელი სოფო ვერძეული.

პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ განაცხადა, რომ ბრალდების მხარის პოზიცია უცვლელია და მოითხოვენ, სასამართლომ წიქარიშილი დამნაშავედ ცნოს. რაც შეეხება კვალიფიკაციას, პროკურორს ამაზე პოზიცია არ გამოუხატავს.

“შეაძლებელია, სასამართლოს მიერ გამოტანილი იქნას იმგვარი განაჩენი, რომ ბექა წიქარიშვილი დამნაშავედ იქნას ცნობილი შესაბამისი ქბედებისთვის, თუმცა, დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი სასჯელის დაუნიშნავად,”- განაცხადა პროკურორმა ნიკოლოზ ნინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

2013 წელს, ბექა წიქარიშვილის საქმის გასაჯაროების შემდეგ დაიწყო საპროტესტო მოძრაობა ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მოთხოვნით. თავდაპირველად ეს იყო კამპანია “ბექა არ არის კრიმინალი”, ხოლო მოგვიანებით- “თეთრი ხმაურის მოძრაობა”.

 

საქალაქო სასამართლოს პარალელურად, 2014 წლის მაისში საკონსტიტუციო სასამართლოში დარეგისტრირდა კონსტიტუციური სარჩელი “ბექა წიქარიშვილი პარლამენტის წინააღმდეგ”, რომლის თანახმად, მოსარჩელე იმ ნორმის კონსტიტუციასთან შეუსაბამობაზე დავობდა, რომელიც 70 გრ-მდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის 7-დან 14 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. 2015 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე პრეცედენტული გადაწყვეტილება გამოიტანა და აღნიშნული ქმედებისთვის თავისუფლების აღკვეთა არაკონსტიტუციურად ცნო. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონში 2017 წლის 26 ივლისს ასახა. კანონის ახალი რედაქციით, 5 გრამიდან 70 გრამამდე მარიხუანის პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის პატიმრობა აღარ გამოიყენება, თუმცა ქმედება კვლავაც რჩება სისხლის სამართლის დანაშაულად და სანქციად ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას, ვადით 160-დან 220 სთ-მდე ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი