ახალი ამბები

გახარიამ თქვა, კონტრაქციის კონტროლი გვიჭირს და შესაძლოა დარბევა გახდეს საჭიროო – წიქარიშვილი

15 მაისი, 2018 • 26668
გახარიამ თქვა, კონტრაქციის კონტროლი გვიჭირს და შესაძლოა დარბევა გახდეს საჭიროო – წიქარიშვილი

“მოლაპარაკებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მას კონტრაქციის კონტროლი უჭირდა. ეგზალიტირებულები იყვნენ… [გვითხრა, რომ] ის ვერ შეინარჩუნებდა მშვიდობიან კორდონს და შესაძლოა დარბევა გამხდარიყო საჭირო”, – ეს განცხადება თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტმა და “ჩვენი თავისუფლებისთვის” აქციის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა წიქარიშვილმა გააკეთა ტვ პირველის ეთერში.

მან გუშინ გიორგი გახარიასთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის დარბეული კონტრაქცია საკმაოდ მძიმე სანახავი იქნებოდა.

“ჩემთვის პირადად ეს საკმაოდ მძიმე სანახავი იქნებოდა. გარდა ამისა, ამ დარბევას შეიძლება კიდევ უფრო მეტი დაპირისპირება და ესკალაცია მოჰყოლოდა. ჩემთვის პირველი ამოცანა იყო ის, რომ დაგვეცვა როგორც ჩვენი აქციის მონაწილეების უსაფრთხოება, ასევე მე ვერანაირად ვერ ვიქნებოდი მათი დარბევის მომხრე, რადგან ჩვენი აქცია სწორედ დარბევის წინააღმდეგ დავიწყეთ. ამ ადამიანების [კონტრაქციის მონაწილეების] უმეტესობა შეცდომაშია შეყვანილი და მე მგონია, რომ მათთან კომუნიკაციით შესაძლებელია. მე ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე და გული შემტკივა… გული შემტკივა იმ მოცემულობაზე, რომელშიც დღეს ეს ქვეყანა იმყოფება”, – თქვა ბექა წიქარიშილმა.

იგი ასევე გამოეხმაურა ამავე გადაცემაში “ქართული მარშის” ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებას ნარკოპოლიტიკასთან დაკავშიებით და თქვა, რომ კომიკურია, მაგრამ ბრეგაძის პოზიცია თეთრი ხმაურის მოძრაობის მიერ ინიცირებულ რეფორმას ემთხვევა. საუბარია ნარკოპოლიტიკაზე, რომელიც ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ ბრძოლას, ხოლო მომხმარებლების მიმართ ლიბერალურ მიდგომებსა და სერვისების მიწოდებას ითვალისწინებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი