ნეტგაზეთი | თბილისის ბიუჯეტი 20 დღეში მეორეჯერ შეიცვალა თბილისის ბიუჯეტი 20 დღეში მეორეჯერ შეიცვალა – Netgazeti

თბილისის ბიუჯეტი 20 დღეში მეორეჯერ შეიცვალა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტი 1,4 მილიონი ლარით გაიზარდა.

15 აგვისტოს გამართულ სხდომაზე ბიუჯეტის ცვლილებას 27-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 6-მა წინააღმდეგ მისცა ხმა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, ბიუჯეტში ცვლილებები გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ  თბილისის ბიუჯეტში თანხები დაიზოგა სხვადასხვა პროგრამიდან, მათ შორის:

ინკლუზიური განათლების პროგრამიდან – 80 000 ლარი, უწყვეტი განათლების პროგრამიდან – 20 000 ლარი, გლდანის გამგეობის ადმინისტრაციული ხარჯებიდან – 15 ათასი ლარი, თბილისის მეტროპოლიტენის ბიუჯეტიდან – 500 000 ლარი.

თალაკვაძის განმარტებით, თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან ასევე გამოიყო 500 000 ლარი.

საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა ჯაბა სამუშიამ განმარტა, რომ მერის სარეზერვო ფონდიიდან გამოყოფილი 500 ათასი ლარი ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიით დაზარალებული რანდენიმე ოჯახისთვის საკომპენსაციო თანხის მიცემისთვის დაიხარჯება, ხოლო დანარჩენი თანხა გათვალისწინებულია რაიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად.

თბილისის მერიის ბიუჯეტში ცვლილებები 25 ივლისსაც შევიდა. კითხვაზე, თუ რატომ არ აისახა ეს ცვლილებები მაშინ, სამუშია პასუხობს, რომ მაშინ ამ ოჯახებს მოსაგვარებელი ჰქონდათ სამართლებრივი საკითხები. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, სამუშიას თქმით, თანხებს, რომელიც ამ პერიოდში დაიზოგა, სხვადასხვა მიმართულებით გამოიყენებენ.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ამ ცვლილებას მხარი არ დაუჭირეს.

მარინა დათუკიშვილის თქმით, ეს ცვლილებები განპირობებულია არჩევნების მოახლოებით და ამიტომაც მიმართეს ეს თანხები შიდა ეზოებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოსაწყობად.

“პატარა ბავშვიც არ დაიჯერებს, რომ ეს არ არის არჩევნებთან დაკავშირებული. ტრადიციას, რომ წინასაარჩევნოდ ფართხა-ფურთხით გადაწყვეტილებები მიიღონ, არ ღალატობენ”, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიშა მეფარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2010 წლიდან. აშუქებს კულტურის პოლიტიკის, ადამიანის უფლებების საკითხებს და სხვა მიმდინარე თემებს. Email: mishameparishvili@gmail.com