ახალი ამბები

ალასანია: ამ ეტაპზე არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ტერორისტების გადამზადება ხდებოდა

27 აპრილი, 2013 •
ალასანია: ამ ეტაპზე   არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ  ტერორისტების გადამზადება ხდებოდა

“გამოძიება მიმდინარეობს, თქვენ იცით ინცინდენტი, რომელიც მოხდა ლაფანყურში, მსხვერპლი მოჰყვა. ჩვენ ბევრი შეკითხვა გვაქვს გამოძიებასთანაც. რატომ დაიგეგმა ეს ღონისძიება ისე, რომ ამხელა მსხვერპლი მოჰყვა. როგორ ურთიერთქმედებდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები, სხვათა შორის, თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ეს ურთიერთქმედება, არაკორდინირებულობა იყო ერთ–ერთი სწორედ პრობლემა და მიზეზი წარუმატებელი ოპერაციის და ეს ჩვენ უკვე გამოვასწორეთ, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ასე რომ, დაველოდოთ  გამოძიებას, წინასწარ ვერავინ ვერანაირ დასკვნებს ვერ გავაკეთებთ”–განაცხადა ალასანაიამ. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 26 აპრილს გადაცემა  “პოზიციაში” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს საქართველოს მთავრობის შესაძლო თანამშრომლობას “ბოევიკებთან”:

 

“მე რამდენჯერმე გავაკეთე განცხადება, რომ სატრანზიტოდ იყო გამოყენებული საქართველოს ტერიტორია ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოსული ბოვიკების თუ სხვა შემოსული ბოევიკებისთვის და ამასაც ჩვენ მაქსმიმალურად ჩავხურეთ და აღარ განმეორდება,” – განაცხადა ივანიშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილი კი პრემიერ–მინისტრის საპასუხოდ აცხადებს: 

 

“არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, სადაც მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ჩვენ – საქართველოს მთავრობა, საქართველო ამზადებდა ჩრდილოკავკასიელ ტერორისტებს სხვადასხვა ოპერაციების განსახორციელებლად.

 

არა მხოლოდ ეს ზუსტად ჯდება იმ პროპაგანდაში, რომელსაც რუსები მთელი ეს წლები ეწეოდნენ ჩვენ წინააღმდეგ, ჩვენი დასუსტების და საქართველოს ხელში ჩაგდების მიზნით, ახლა ამერიკაშიც ბოსტონის ტერაქტის შემდეგ, რომელშიც, სამწუხაროდ, იყო ორი ჩეჩენი და ძალიან მნიშვნელოვანი თემა გახდა ეს და ამ პირობებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ამ თემაზე ასეთი სახით. საერთოდ თუ აცნობიერებს ის და მე უკვე აღარ ვიცი, აცნობიერებს თუ არა, თუ რა შარში ხვევს არა მე და შეიძლება, მან გააკეთა ეს ამ ამერიკის ვიზიტისთვის, არ ვიცი, რა მოტივაცია ჰქონდა, არამედ ხვევს მთელ ქვეყანას, საქართველოს. რა თქმა უნდა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამას ამერიკაში სერიოზული ხალხია და ამას არავინ სერიოზულად არ მიიღებს, მაგრამ აქაც სხვადასხვა ძალები მუშაობენ და თუ შენ გინდა ყველაზე მოკლე გზა, რომ შენ დააკარგვინო საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა ე.ი. სრულიად უიარაღოდ დატოვო ოკუპაციის წინაშე სრული დახმარების გარეშე დატოვო ჩვენი მეგობრების, საგარეო საფრთხის წინაშე, მაშინ უნდა ასეთ რაღაცებშიც სცადო მათი დარწმუნება, სცადო ჩვენი მეგობრების დარწმუნება.

 

სანამ მე ამ თანამდებობაზე ვარ და სანამ ჩვენ აქ გვისმენენ, ამას ალბათ ის ვერ მოახერხებს. მაგრამ არ შეიძლება ამ თემებით თამაში. ძალიან ვწუხვარ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ეს ან არ ესმის, ან არ სურს, რომ გაიგოს. მაგრამ მე მინდა ვუთხრა უბრალოდ მისი მთავრობის წევრებს, იქ არის ხალხი, რომლებსაც ეს არ შეიძლება, რომ არ ესმოდეთ, ბოლოს და ბოლოს, სხვადასხვა თანამდებობებზე არიან ადრე ნამუშევარნი საქართველოს სტრუქტურებში: თქვენ მაინც ამოიღეთ ხმა, თქვენ მაინც მიუთითეთ პრემიერ-მინისტრს, რომ ასე ნუ აკეთებს და თუ არ გიჯერებთ, მაშინ საჯაროდ თქვით ეს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

აღნიშნულ საკითხს დღეს გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივანი. გიგა ბოკერიამ მედიისთვის გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ მას დარჩა შთაბეჭდილება, რომ პრემიერი და მისი გუნდის ნაწილი სახელმძღვანელოს მიჰყვება, “როგორ დავაზიანოთ ქვეყნის ინტერესები ოპონენტების დისკრედიტაციის ფონზე”:

 

“თავი ნომერი ერთი – დავაბრალოთ საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ომის დაწყება. თავი ნომერი 2– დავაბრალოთ საქართველოს ტერორიზმის და “ბოევიკების” მფარველობა. შემდეგი თავები არის, ალბათ, ქიმიური იარაღის ან ბირთვული იარაღის შექმნაზე საქართველოს მხრიდან.”

 

გიგა ბოკერიას განცხადებით, პრემიერი შეცდომას უშვებს, როცა ასეთ განცხადებებს აკეთებს:

 

“ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერს არ ესმის მთავარი რამ: ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებებით ზიანდება არა მისი ოპონენტი სააკაშვილის გუნდი, არამედ პირდაპირი საფრთხე ადგება საქართველოს.  ასეთი განცხადებების შემდეგ ნებისმიერ ჩვენს არაკეთილმოსურნეს, რომელიც ამ წლების განმავლობაში ბრალდებებს ისროდა, უძლიერდება პოზიციები. ხვალ და ზეგ ამ ახალი მთავრობის პირობებში იქმნება შესაძლებლობა თავდასხმის ჯერ პოტენციურის და შემდეგ – ღია აგრესიის. არ ვიცი, ეს რითი არის გამოწვეული. ეს არის სიძულვილი პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, თუ ილუზია, რომ ასეთი ნაბიჯების შედეგად რუსეთის გულს მოვიგებთ და საქართველო რაღაც შედეგს მიიღებს. ეს არის გულუბრყვილობა. თუ გადავხედავთ ისტორიას პრეზიდენტ სააკაშვილამდე, სხვა ჩვენი ქვეყნების გამოცდილებას, ყველამ იცის, რომ ასეთ შეთამაშებას სიცრუეზე დაყრდნობით არსად არ მოუტანია კარგი შედეგი.”

 

მასალების გადაბეჭდვის წესი