ახალი ამბები

საია: ნაძალადევის #24 უბანზე ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვის ფაქტი დაფიქსირდა

27 აპრილი, 2013 •
საია: ნაძალადევის #24 უბანზე ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვის ფაქტი დაფიქსირდა

“კერძოდ, რეზონანსის კორესპონდენტებს – სალომე სიგუას, თამთა კაკაურიძისა და იაგო ნაცვლიშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შერაცხყოფას და ფიზიკური შეურაცხყოფის მცდელობას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის ცენტრის“ დამკვირვებლის მიხეილ მიქაშავიძის, „კავკასიის კვლევითი ცენტრის“ დამკვირვებლების ვალერიან ზირაქაშვილისა და ვინმე გიორგის მიერ, რომლებმაც თავი „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებად წარადგინეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საია ავრცელებს.  

 

როგორც განცხადებიდან ირკვევა, საიას დამკვირვებელი იმყოფებოდა აღნიშნულ უბანზე, რომლის მიერ შედგენილ იქნა საჩივარი ნაძალადევის საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე მოთხოვნით, რომ კომისიამ შეადგინოს ადმინისტარაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მედიის წარმომადგელნლებისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის თაობაზე, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმას 500 ლარის ოდენობით.

 

“კონფლიქტის უშუალო მიზეზი გახდა ჟურნალისტების მიერ საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიის ფოტოგადაღება და გარეთ მყოფი ჯგუფურად შეკრებილი პირების დაფიქსირება.  აღსანიშნავია, რომ ჯგუფურად შეკრებილი ადამიანები აღრიცხავდნენ საარჩევნო უბნებზე გამოცხადებულ პირებს”, – ნათქვამია საიას განცხადებაში. 

 

საია-ს დამკვირვებლების მიერ ნაძალადევის ოლქის #31, 33, 34, 36, 39, 40, 59,  60, 89, 90, 78, 80, 81, 85, 86 საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა პირთა ჯგუფი, რომლებიც აწარმოებდნენ მისული ამომრჩევლების აღრიცხვას:

 

“ჩვენ  ისევე, როგორც გასულ არჩევნებზე, კვლავაც განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია. საია იმედს გამოთქვამს, რომ განცხადებაში მითითებულ ფაქტებთან დაკავშირებით შესაბამისი სტრუქტურები ადეკვატურ რეაგირებას მოახდენენ”, – ნათქვამია საიას განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი