სამინისტროს ცნობით, ხ.დ. სასჯელს იხდიდა სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და მსჯავრდებული ჩართული იყო „მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის მკურნალობის“ პროგრამაში.
“2013 წლის 14 აპრილს, 22:00 საათზე მსჯავრდებულმა თავი შეუძლოდ იგრძნო, რის შემდეგაც სასწრაფოდ იქნა გადაყვანილი ქუთაისის საავადმყოფოში, სადაც რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.
გარდაცვლილს ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, გამოძიება ელოდება ჰისტოლოგიური გამოკვლევის შედეგებს, რის შემდეგაც დადგინდება გარდაცვალების ზუსტი მიზეზი”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მომხდარ ფაქტს იძიებს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი.
ადგილობრივი მედიის ცნობით, უთაისის #2 ციხეში პატიმარი ნარკოტიკის ზედმეტი დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. newpress.ge იუწყება, რომ ქუთაისის ციხეში ნარკოტიკული ნივთიერეთბების შეტანა თავისუფლად ხდება, რომელსაც ე.წ ციხის მაყურებლები იღებენ. ამავე გამოცემის კონფიდენციალური წყაროს ცნობით, ციხეში ნარკოტიკის ზედმეტი დოზისგან გარდაცვლილი პატიმარიც “ციხის მაყურებელი” გახლდათ.
საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებული იმერეთში, მადონა ბასილაძე “ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ პატიმარი ქუთაისის ციხეში ერთი კვირის წინ მართლაც გარდაიცვალა, თუმცა ოჯახის წევრებს სახალხო დამცველის აპარატისთვის რაიმე სახის პრეტენზიით არ მიუმართავთ.