ახალი ამბები

პრეზიდენტი მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ეს თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი

26 აპრილი, 2013 • 972
პრეზიდენტი მთავრობის გადაწყვეტილებაზე: ეს თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა, რომ “შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე” მიღებული იქნა მასში მერიის გადატანის გადაწყვეტილება. მანამდე კი იგივე მოთხოვნა გაახმიანა მედიასთან საუბარში ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ.

 

“2012 წელს ბათუმში ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა დასრულდა. საქართველოს მთავრობამ ამ პროექტში რამდენიმე ათეული მილიონი ლარი ჩადო და ამერიკის მთავრობის პროგრამით, დამატებით 50-დან 100 მილიონ დოლარამდე უნდა მიგვეღო ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შემოსაყვანად. ამ უნივერსიტეტისთვის შენობა ქართველმა არქიტექტორმა დააპროექტა და ქართველმა მშენებლებმა ააშენეს. ეს იქნებოდა საქართველოს ნამდვილი სიამაყე – უნივერსიტეტი, რომელიც კავკასიაში ყველაზე მაღალ შენობაში დაიდებდა ბინას, ჩვენს ქვეყანას მოუმზადებდა თანამედროვე ტექნოლოგიების სპეციალისტებს. მსგავსი მსოფლიო დონის სასწავლო დაწესებულება საქართველოში პირველი იქნებოდა და იქ ქართველი სტუდენტების უმეტესობა სწავლას უფასოდ შეძლებდა. ეს ასე იყო ჩაფიქრებული”, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი. 

 

პრეზიდენტის ამბობს, რომ ამ დღეებში საქართველოს ახალი მთავრობის “კატასტროფული გადაწყვეტილების” შესახებ შეიტყო, რომ აღარ განათავსონ “ქვეყნის ყველაზე გრანდიოზულ შენობაში” უნივერსიტეტი და მის ნაცვლად იქ შეასახლონ ბათუმის მერია:

 

“ბათუმში მერიას უკვე ჰქონდა დიდი და კომფორტული შენობა, მაგრამ ამასაც რომ თავი დავანებოთ, მსოფლიოს ყველა ნორმალური ქვეყნის მერია იოცნებებდა თავის ქალაქში მსგავსი უნივერსიტეტის გახსნაზე, რადგან ის მოიტანდა განვითარებას და ხელს შეუწყობდა ქალაქის მოსახლეობის კეთილდღეობას. და რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს მერიის იქ გადასვლამ? – საერთოდ არაფერი! 

 

თუ მთავრობას განათლების ახალი კერის გაჩენა ასე მხოლოდ იმიტომ აღიზიანებს, რომ ის ჩემს სახელს უკავშირდება, ამ შენობის გაყიდვა შეეძლოთ და ბათუმის ბარაკების მცხოვრებთათვის ბინების მიცემა (ამ პროგრამის განხორციელება ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული და მისი მრავალგზის შესწორების საფუძველზე საბოლოოდ საერთოდ ამოაგდეს). 

 

სამწუხაროდ, მიწევს იმის თქმა, რომ ეს გადაწყვეტილება დამანგრეველი და არაცივილიზებულია და მიმართულია ჩვენი ქვეყნის მომავლის წინააღმდეგ. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც თალიბებისგან უფრო იქნებოდა მოსალოდნელი, ვიდრე 21-ე საუკუნის ევროპული ქვეყნის მთავრობისგან. 

 

მოვუწოდებ პრემიერ-მინისტრს, გადახედოს ამ გადაწყვეტილებას!” – ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

 

ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტად წოდებული ე.წ. ბათუმი ტაუერის შენობის მშენებლობა, რომელიც ბათუმის ბულვარის ცენტრალურ შესასვლელში დგას, სახელმწიფოს 40 მილიონი ლარი დაუჯდა. “ბათუმი თაუერის” სიმაღლე 200 მეტრია, 170-ე მეტრზე კი “ეშმაკის ბორბალია” დამონტაჟებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი