ახალი ამბები

თეა წულუკიანი:კოტე კუბლაშვილისთვის გარანტიები არავის არ მიუცია

25 აპრილი, 2013 • • 942
თეა წულუკიანი:კოტე კუბლაშვილისთვის გარანტიები არავის არ მიუცია

ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “პოლიტმეტრში” გააკეთა. 

 

თეა წულუკიანი/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური
თეა წულუკიანი/ფოტო: იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური

მისი თქმით, პრეზიდენტის ვეტო მართლმასჯულებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება: “მოსამართლეები, რომლებიც აკვირდებოდნენ მთავრობას, პარლამენტს, სისტემის შიგნით შექმნეს რეფორმების მხარდასაჭერი მოძრაობა. პრეზიდენტმა მოსამართლეებს მისცა კიდევ უფრო მეტი დრო, რომ ჩამოყალიბდნენ კონფერენციისთვის. მე მაქვს მოსამართლეების დიდი იმედი, რომლებიც შორიდან გზავნიან მოკრძალებულ სიგნალს იმის შესახებ, რომ ამ რეფორმას მიესალმებიან. მე ძალიან მკაცრად ვაფასებ ზოგიერთი მოსამართლის წარსულ საქმიანობას, მაგრამ დავინახე ისიც, რა საფრთხის ქვეშ იდგნენ ისინი ამ წლების განმავლობაში. მე ბოლომდე ვიქნები მართლმსაჯულების დამცველი”. 

 

თეა წულუკიანის განცხადებით, როცა პარლამენტში შევიდა კანონპროექტი, სამჯერ შევხვდი კოტე კუბლაშვილს. მას შეხვდა პრემიერმინისტრიც, თუმცა  ამ შეხვედრების დეტალებზე ცრუ ინფორმაცია მივიდა მოსამართლეების ყურამდე:”ალბათ ისევ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ძალისხმევით ცრუ ინფორმაცია მივიდა, თითქოს პრემიერმა, ან მე, ან ჩვენი გუნდის რომელიმე წევრმა ვინმეს მივეცით რაღაცა ტიპის გარანტიები. ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, ვინც ვინმეს რაღაც გარანტიებს აძლევს და, მით უმეტეს, იმას, ვინც ამ დღეში ჩააგდო მართლმსაჯულება. არანაირი გარანტიები არ ყოფილა, ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით. შეხვედრა შედგა მხოლოდ ერთი მიზეზით, სასამართლოს დღეს ჰყავს ის ხელისუფლება, რომელიც ჰყავს და ჩვენ მასთან გავიარეთ პუნქტობრივად ის რეფორმა, რომელზეც მან ბოლოს, ბრჭყალებში, ხელი მოაწერა და დაეთანხმა. მან დღევანდელ კომენტარებშიც თქვა, რომ რეფორმის მოდელი კარგია.” 

 

თეა წულუკიანის განცახდებით, ვენეციის კომისიამ სასამართლო რეფორმის არსი მოიწონა, თუმცა გარკვეული შენიშვნები ჰქონდა: 

 

“ვენეციის კომისიამ თქვა, რომ რეფორმა კარგია, მაგრამ იქნებ შეინარჩუნოთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არსებული წევრები. ეს ვერ მოხდება. ყველაფერში გავითვალისწინეთ ვენეციის კომისიის დასკვნა და იქამდეც კი წავედით, რომ მოვხსენით აკრძალვა – სასამართლოს თავმჯდომარეებს, რომლებიც დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები არიან, ხელახალი კენჭისყრის საშუალება ეძლევათ. ბუკიკიოს არსებული საბჭო რომც მოსწონდეს, ასე ვერ დარჩება, რადგან ბუკიკიო არ მართავს ამ ქვეყანას, ქვეყანას მართავს უმრავლესობა და მას აკისრია მართლმსაჯულების გაუმჯობესების პასუხისმგებლობა”.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი