ახალი ამბები

მთავრობის წევრები “ნაცმოძრაობის” დასაქმების კონცეფციას გამოეხმაურნენ

25 აპრილი, 2013 • • 934
მთავრობის წევრები “ნაცმოძრაობის” დასაქმების კონცეფციას გამოეხმაურნენ

ენერგეტიკის მინისტრმა კახი კალაძემ განაცხადა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წინადადებებს სერიოზულად არ აღიქვამს:

 

“ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, თუ როგორ მუშაობდა 9 წლის განმავლობაში მათი დასაქმების პროგრამა, ამიტომ ამ საკითხს სერიოზულად არ ვუყურებ,”– განაცხადა კალაძემ. 

 

ქართული ოცნება
ქართული ოცნება

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობას აქვს ეკონომიკის განვითარების თავისი პოლიტიკა და გეგმა, რომელსაც სწორად მიიჩნევს და მას მიჰყვება.

 

“ნაციონალურ მოძრაობას” 9 წელი ჰქონდა იმისთვის, რომ მოეხდინათ გარდატეხა საქართველოს ეკონომიკაში. სამწუხაროდ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში მათი პოლიტიკა ვერ იყო ისეთი, რომელიც საქართველოს გამოადგებოდა. ამიტომ ის ხაზი, რომელსაც ჩვენ მივყვებით, არის სწორი,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

“ნაცმოძრაობის” მიერ გამოქვეყნებული პროგრამის ერთ–ერთი თავი ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების დაჩქარებას ითვალისწინებს. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხთან  დაკავშირებით მთავრობას პოზიციის შეხსენება არ სჭირდება.

 

“შეხსენება ნამდვილად არ გვჭირდება, ეს არის ღია კარის მტვრევა,” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, ევროკავშირთან მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება. მხოლოდ რამდენიმე საკითხი დარჩა, რაზეც მოლაპარაკება გრძელდება, მათ შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობა. მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს მოლაპარაკებები რაც შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

 

ზემოთ ხსენებული პროგრამის ერთ–ერთი თავი გადასახადების შემცირებას ეხება. კვირიკაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოში მთელ მსოფლიოსთან შედარებით გადასახადები ერთ-ერთი დაბალია: 

 

“დანარჩენ საკითხებს რაც შეეხება, მაგალითად, გადასახადების შემცირებას, საქართველოში არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი გადასახადი მსოფლიოში, მეოთხე ვართ გადასახადების სიმცირის დონით და არა მგონია, საჭიროება იყოს დავწიოთ, ასე ძალიან ბევრი სოციალური ხარჯები დაგვრჩება დაუფინანსებელი”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.  

 

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური “ნაციონალურ მოძრაობას” საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. მისი თქმით, “ნაცმოძრაობას” მთავრობაში ყოფნისას ბევრი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ ერთი პოზიტიური ნაბიჯი მაინც გადაედგა. ეს პარტია ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაშორებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი