ახალი ამბებიტექნოლოგიები

თუშეთი – ყველაზე მაღალი წერტილი ევროპაში ფართოზოლიანი ინტერნეტით

9 აგვისტო, 2017 • 13025
თუშეთი – ყველაზე მაღალი წერტილი ევროპაში ფართოზოლიანი ინტერნეტით

თუშეთში, აბანოს სერის უღელტეხილზე მობილური კავშირი არ არის და სატელეფონო ზარს ვერ განახორციელებთ, თუმცა უფასო უკაბელო ინტერნეტის სიგნალს მიიღებთ, რომელიც რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში ფარავს ტერიტორიას. “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” (ISOC), „თუშეთის განვითარების ფონდისა” და “ფრინეტის” ერთობლივი ძალებით ამ დროისათვის თუშეთის 25-ზე მეტ სოფელს ფართოზოლიანი, სწრაფი ინტერნეტის სიგნალი მიეწოდება.

ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა 4 ცალი 4,5 მეტრი სიმაღლის ანძა და სამი რეპიტერი (მცირე ზომის გადამცემი), რომლებიც განთავსდა დიკლოს მთაზე, ჩიღლაურთას კეხზე, კოკლათას მთასა და მაკრატელაზე. ანძებზე დამონტაჟებულია მზის ენერგიის პანელებიც. აბანოს უღელტეხილზე კი უკაბელო ინტერნეტის სიგნალის მიმღები დამონტაჟდა.

მიმღები ანძა დიკლოში. ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი

მიმღებ/გადამცემი ანძა დიკლოში. ფოტო: კონსტანტინ სტალინსკი

თუშეთის რეგიონში, რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ინტერნეტიზაციის სამთავრობო პროექტის ფარგლებში ამ ეტაპისთვის არ არის დაგეგმილი ოპტიკური ქსელის მშენებლობა. ამიტომ ISOC-მა თავად გადაწყვიტა პროექტის განხორციელება. სამონტაჟო სამუშაოები სულ მცირე ერთი თვის მანძილზე სრულდებოდა. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 39 000$-ია.

ასევე, ქსელმა მოიცვა იმაზე დიდი ტერიტორია, ვიდრე ეს პროექტის საწყის ეტაპზე იყო დაგეგმილი. პროექტის ფარგლებში მოწყობილი ინფრასტრუქტურა კი სრულად გადაეცათ თუშეთის სოფლებს.

მათი ინფორმაციით, პროექტის შედეგად ინტერნეტი ხელმისაწვდომია 25-ზე მეტ დასახლებაში. მათ შორის არის სოფელი ბოჭორნა, რომელიც დღევანდელი მონაცემებით, ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა არსებული დასახლებული ტერიტორიაა, რომელსაც ინტერნეტის სიგნალი მიეწოდება. პროექტის ერთ-ერთი ავტორის, კონსტანტინ სტალინსკის თქმით, მათგან ზოგიერთ სოფელში 5 ადამიანიც კი არ ცხოვრობს.

“სოფელ ჯვარბოსელში ერთი 80 წელს გადაცილებული ირაკლი ექიმი ცხოვრობს, რომელსაც ახლა ინტერნეტი უკვე აქვს. ზამთარში ამ კაცს თოვლში გვირაბები გაჰყავს, რომ გადაადგილდეს,” – ამბობს სტალინსკი.

თუშეთში ამ ეტაპზე ინტერნეტის ქსელთან მიერთებული სოფლებია:

[one_half last=”no”]

  • ომალო
  • ზემო ომალო
  • შენაქო
  • დიკლო
  • ბოჭორნა
  • ჩიღლაურთა
  • შტროლთა
  • ქუმელაურთას ნაწილი
  • ხახაბოს ნაწილი
  • ჟველურთა
  • დანო
  • დართლო

[/one_half]

[one_half last=”no”]

  • ჯვარბოსელი
  • კოკლათა
  • ორი სოფელი გომეწრის ხეობაში (ჯვარბოსლის ახლობლად)
  • ფარსმა
  • ყვავლო
  • ჭეშო
  • ბასო
  • გირევი
  • ბეღელა
  • ვეძისხევი
  • ვერხოვანი
  • ეთელთა

[/one_half]

სტალინსკის ინფორმაციით, ამჟამად ქსელში მუდმივად ჩართულია 20-ზე მეტი აბონენტი. დანარჩენებს ან დენი არ აქვს (მზის პანელები და აკუმულატორები), ან WiFi როუტერი არ შეუძენიათ, ან ჯერ-ჯერობით არ რთავენ. მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში სასტუმროები, ჰოსტელები და სხვა აბონენტები აცხადებენ, რომ მიიღეს 150-ლარიანი ვაუჩერი და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან უფასო ჩართვას ელოდებიან უახლოეს დღეებში.

ეკონომიკის სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, თუში მეწარმეებისთვის ახმეტაში გამართა ტრენინგების საბაზისო კურსი ელექტრონულ კომერციასა და ელექტრონულ ბიზნესში. ტრენინგების დასრულების შემდგომ, წარმატებულ კურსდამთავრებულებს, გადაეცათ სერთიფიკატები ვაუჩერის ელექტრონულ კოდთან ერთად, რომლის განაღდებასაც ტრენინგების შემდგომ ეტაპზე უნდა შეძლონ. ტრენინგების მეორე ეტაპი კი დაიწყება მიმდინარე წლის სექტემბერში.

პროექტის თანახმად, თუშეთში ამ დროისთვის ბევრად მეტი აბონენტი უნდა ყოფილიყო ჩართული. პროექტის ავტორის თქმით, ერთ-ერთი შემაფერხებელ ფაქტორი დაინტერესებული ტექ.სპეციალისტების ნაკლებობაა – გათვალისწინებული ორი ქსელის ოპერატორის ნაცვლად მუშაობს მხოლოდ ერთი ადგილობრივი IT ინჟინერი გიორგი ქითიძე, რომელიც ტურისტული სეზონის დასრულებამდე თუშეთში რჩება.

ხოლო მეორე გარემოება არის ის, რომ რეკომენდაციების მიუხედავად, ადგილობრივები არ აღმოჩნდნენ მზად ინტერნეტიზაციისთვის. მათ არ აქვთ გამართული დენის ავტონომიური სისტემა (წიწკანას კემპი, ჯვარბოსელი) და არ შეიძინეს როუტერები.

tusheti-large-zone-topology

რუკაზე მოცემულია ტერიტორია, რომელსაც ქსელი ამ ეტაპზე ფარავს.

სტალინსკის თქმით, სამონტაჟო სამუშოების დაწყებამდე მოეწყო ერთდღიანი გეო-ექსპედიცია ხეობაში: კონსტრუქციის აზომვის და მიწის ქანის ანალიზისათვის მეხის გამტარიანობაზე. ასევე შეგროვდა ნიმუშები ლაბორატორიული კვლევებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი