ახალი ამბებიტექნოლოგიები

თუშეთის სოფლებში ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება

7 სექტემბერი, 2016 •
თუშეთის სოფლებში ინტერნეტიზაციის პროექტი იწყება

“საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” ინიციატივით თუშეთის სოფლების ინტერნეტიზაციის პროგრამა იწყება. შესაბამის ხელშეკრულებას ასოციაციასა და ინტერნეტსაზოგადეობას (ISOC) შორის ხელი დღეს მოეწერა. პროექტი ინტერნეტსაზოგადოების ევროპული ბიუროს მხარდაჭერით ხორციელდება.

თუშეთის რეგიონში, რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ინტერნეტიზაციის სამთავრობო პროექტის ფარგლებში, ამ ეტაპისთვის არ არის დაგეგმილი ოპტიკური ქსელის მშენებლობა. ამიტომ, მემორანდუმის თანახმად, დაგეგმილია თუშეთის რეგიონის შეერთება ფიქსირებული რადიოქსელით კახეთის რეგიონთან, კერძოდ კი, თელავის რაიონის სოფელ რუისპირთან, ადგილობრივებს კი შესაბამისი ტრენინგები ჩაუტარდებათ.

მემორანდუმის თანახმად, პროექტის ფარგლებში აგებული ქსელი გადაეცემა საკუთრებაში ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდს“, რომელიც ქსელის ოპერირებას და ბოლო მომხმარებლებთან საინსტალაცი სამუშაოებს აწარმოებს.

“ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველა დიდი და მცირე ტიპის ჰოსტელი იქნება ინტერნეტით უზრუნველყოფილი. ასევე, შენდება ორი დიდი ტიპის სასტუმრო, რომელიც მოითხოვს ისეთ სიმძლავრეებს, რომელიც საჭიროა 100 კაცის მომსახურებისათვის. ვთვლით, რომ ეს მოდელი იქნება მდგრადი,” – აცხადებს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის დამფუძნებელი, უჩა სეთური.

მემორანდუმზე ასევე ხელს აწერენ: ასოციაციის წევრი შპს „ფრინეტი“ (გიორგი კირვალიძე), ააიპ „ინტერნეტის განვითარების ინციაიტივა“ (ვლადიმერ სვანაძე), ინტერნეტ საზოგადეობის (ISOC) საქართველოს წარმომადგენლობა (სანდრო ქარუმიძე) და ტექნოლოგიების ექსპერტი – კონსტანტინე სტალინსკი.

ამ ეტაპზე ინტერნეტქსელით საქართველოს ტერიტორიის 40%-ზე მეტია დაფარული. ა(ა)იპ “ოუფენ ნეტმა” გერმანულ საკონსულტაციო კომპანია “დეტეკონთან” ერთად საყოველთაო მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის ინფრასტრუქტურის ქსელის დაგეგმვა 2015 წლიდან დაიწყო. პროექტი დასრულების შემდეგ 2000-მდე დასახლებულ პუნქტს მოიცავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი