ახალი ამბები

50 ლარიანი დანამატი – პენსიონერებზე ზრუნვა, თუ ამომრჩევლის მიზიდვა

7 აგვისტო, 2017 •
50 ლარიანი დანამატი – პენსიონერებზე ზრუნვა, თუ ამომრჩევლის მიზიდვა

“მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო” საარჩევნოდ მოსახლეობას ჰპირდება, რომ 50 ლარიან საპენსიო დანამატს მისცემს, პენსიის სფეროს სპეციალისტი კი მიიჩნევს, რომ ეს ამომრჩევლის მოზიდვის მარკეტინგული ნაბიჯია.

“ევროპული საქართველოს თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია ამომრჩეველს ჰპირდება, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების  შემთხვევაში პენსია 50 ლარით გაიზრდება.

“როდესაც მერი გავხდები… შემცირდება უსამართლო, პოლიტიკური და კორუფციული ხარჯები, ადამიანებს გაეზრდებათ პენსია 50 ლარით და ასევე სოციალური დახმარება 70 ლარით,“ – განაცხადა ხოშტარიამ 31 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.

ევროპული საქართველოს დაპირებით, გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მერიის ბიუჯეტში შეამცირებენ “ბიუროკრატიულ ხარჯებს”, რაც მათ საშუალებას მისცემს გამოთავისუფლებული თანხა სოციალური მიმართულებით გამოიყენონ.

თუმცა, ეს არ იქნება პენსიის ზრდა, არამედ დანამატი, რომელსაც პენსიონერები მიიღებენ. პენსია სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის მიხედვით, თვეში 180 ლარია.

ევროპული საქართველოს წევრის ზვიად ხორგუაშვილის განმარტებით მათ დაითვალეს ის ხარჯები თბილისის ბიუჯეტში, რომლის დაზოგვაც შეიძლება.

ზვიად ხორგუაშვილის თქმით, თბილისის ბიუჯეტიდან შეიძლება დაახლოებით 200 მილიონი ლარის დაზოგვა და თბილისში მცხოვრები პენსიონერებისთვის პენსიაზე 50 ლარიანი დანამატის გათვალისწინება.

“ამ თანხების შეკვეცას სჭირდება პოლიტიკური ნება, რომელიც ჩვენს კანდიდატს აქვს”, – ამბობს ხორგუაშვილი.

ხორგუაშვილის თქმით, ბიუროკრატიული ხარჯების განახევრება შეიძლება და მუნიციპალიტეტების ააიპ-ებსა და სსიპ-ებში დასაქმებული პარტიული აქტივი აღარ უნდა იყოს დასაქმებული ამ უწყებებში.

“ბიუროკრტია თუ არის უნდა იყოს მცირე, მოქნილი და ეფექტური.”, – ამბობს ხორგუაშვილი.

მეორე საკითხი, რაზეც ევროპული საქართველოს ამახვილებს ყურადღებას ესაა პირდაპირი მიყიდვის წესი, რომელიც, ხორგუაშვილის თქმით, ზრდის კორუფციის რისკს.

ზვიად ხორგუაშვილის განმარტებით, ხარჯები თბილისის მერიაში გაიზარდა შემდეგი მიმართულებებით 2016 წელს 2015 წელთან შედარებით:

[checklist]

  • ტრანსპორტისა და  ტრანსპორტის ექსპლუატაციის ხარჯები 2.3 მილიონიდან 8.7 მილიონ ლარამდე.
  • კვების ხარჯი  – 68 000 ლარიდან ნახევარ მილიონ ლარამდე გაიზარდა.
  • შრომის ანაზღაურება – 42 მილიონი ლარიდან  94 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
  • ოფისის ხარჯებში – 7 მილიონი ლარიდან 18 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

[/checklist]

“ერთ წელიწადში კოლოსალური რაოდენობით ზრდიან თანხებს და გაუგებარია, რატომ. 2016 წელს მერიის მუშაობა არანაირი კრიტერიუმით არაა უფრო ეფექტიანი, ვიდრე 2015 წელს იყო, მაგრამ ამის მიუხედავად, ხარჯები რადიკალურად გაზრდილია”, – ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

ხორგუაშვილის თქმით, საპენსიო დანამატი მხოლოდ თბილისის მოსახლეობას არ შეეხება . “ევროპულ საქართველოში ” ამბობენ, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, სადაც მათი კანდიდატი გაიმარჯვებს პენსიაზე დანამატი 20-დან 50 ლარამდე იქნება.

საპენსიო დანამატის ცვალებადობა ხორგუაშვილის თქმით, დამოკიდებულია ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოთავისუფლებული თანხის ოდენობასა და საპენსიო პაკეტის მიმღებთა რაოდენობაზე.

ხორგუაშვილი ამბობს, რომ მათ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტები დეტალურად შეისწავლეს  და  ის პროგრამები გამოკვეთეს, რომელთა შემცირებაც შეიძლება. ხორგუაშვილი ამბობს, რომ ეს დანამატი პენსიონერებს შეუნარჩუნდებათ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, სანამ შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არ გაიმართება.

კითხვაზე, ხომ არაა ეს ნაბიჯი ამომრჩევლის მოსყიდვა, ხორგუაშვილი უარით პასუხობს და არგუმენტად მოჰყავს ის, რომ პენსიონრებს მთავრობა გვერდით უნდა ედგეს, მაშინ როდესაც მათ უჭირთ.

“მთავრობის მთავარი დანიშნულება ისაა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი იღებდეს დახმარებას და მეტი მუშაობდეს, მაგრამ სამწუხაროდ ბოლო 5 წლის განმავლობაში არასწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ იქამდე მიიყვანა ხალხი რომ ძალიან უჭირთ” – ამბობს ზვიად ხორგუაშვილი.

თენგიზ ვერულავა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯანდაცვისა და დაზღვევის ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ “ევროპული საქართველოს” ეს დაპირება ამომრჩევლის მოზიდვის მარკეტინგული ხერხია.

“მისი მიზანია ამომრჩევლის მოზიდვა. ეს აქვს მთავარი დანიშნულება ამ 50 ლარს, საქართველოში ხშირად მიმართავენ ასეთ დაპირებებს”, – ამბობს ვერულავა.

ვერულავა ამბობს, რომ კარგია შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები, თუმცა უკეთესი იქნებოდა ევროპულ საქართველოს პენსიის სისტემის რეფორმირების სისტემური ხედვა წარმოედგინა, ვიდრე წერტილოვანი დაპირებები. რომელთაც მოკლევადიანი ეფექტი აქვს.

თენგიზ ვერულავას განმარტებით, სისტემური ხედვა ნიშნავს საპენსიო რეფორმაზე მსჯელობას. იგი ამბობს, რომ კარგი იქნებოდა დაგროვებითი საპენსიო სისტემა ჩამოყალიბდეს, სადაც გადანაწილდება პასუხისმგებლობა სახელმწიფოს, დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი