ახალი ამბები

სპორტის მინისტრის კომპანიის განმარტება სახელმწიფო კონტრაქტებზე

4 აგვისტო, 2017 • 1863
სპორტის მინისტრის კომპანიის განმარტება სახელმწიფო კონტრაქტებზე

“იბერია ბიზნეს ჯგუფი” და მის ჰოლდინგში შემავალი კომპანიები, რომლის თანამფლობელი სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილია წერილობით განმარტავს სახელმწიფო შესყიდვებში მათი კომპანიის მიერ მსხვილი კონტრაქტების მოპოვების ფაქტს.

ჰოლდინგის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ იბერია ბიზნეს ჯგუფი საქართველოს ბაზარზე ოპერირებს 1999 წლიდან.

“ამ პერიოდის განმავლობაში, კომპანია მონაწილეობას იღებს კონკურენტუნარიან ტენდერებში, სადაც ჩვენს ჰოლდინგში შემავალი ბრენდების ავტომობილების  გამარჯვების ძირითადი მიზეზი, არის შეთავაზებული ავტომობილების და სერვისის ფასი, ხარისხი და მომსახურება. ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეს არ არის კონკრეტულად ტენდერებისათვის შექმნილი კომპანია, რისი პრეცენდენტიც მრავლად იყო ნაციონალური მოძრაობის დროს და ახლა, ამ პარტიის ყოფილი წევრების მხრიდან კომპანიის მისამართით ხმამაღალი განცხადებების გაკეთება, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება

გაჟღერდა აზრი, თითქოს იბერია ბიზნეს ჯგუფის რეალიზაციები მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის გავლენის შედეგია. პირველ რიგში, გვინდა მოგახსენოთ, რომ შსს მომსახურების სააგენტო იბერია ბიზნეს ჯგუფთან, კერძოდ კი ფოლკსვაგენთან  თანამშრომლობს 2004 წლიდან. ასევე, აღსანიშნავია ფაქტი, რომ ჯგუფის რეალიზაციები სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში გაცილებით უფრო მაღალი იყო 2015 წლის მაისამდე, ვიდრე მას შემდეგ.  კერძოდ 2011-2014 წლებში, იბერია ავტო ცენტრის და იბერის სერვისის (შკოდა)  მიერ, ტენდერებში მოგებული ავტომობილების რაოდენობა შეადგებს 1157 ერთეულს (40,401,831.00 ლარი, ), ხოლო 2015-2017 წლებში 444 ერთეულს ( 20,250,572.00  ლარი). თუმცა ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ, რომ 2017 წლის მონაცემები (176 ერთეული ავტომობილი, ღირებულება 8,642,860 ლარი) არის მოგებული ტენდერის ციფრი, არ ნიშნავს რეალიზაციას და პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ტენდერი უქმდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, იბერია ბიზნეს ჯგუფის რეალიზაციები სახელმწიფო უწყებებთან მიმართებაში 2011-2015 წლის მაისამდე შეადგენს 2433 ავტომობილს (72, 822, 090.2 ლარი), ხოლო 2015 წლის მაისიდან 2017 წლის ივნისის ჩათვლით 396 ავტომობილს ( 14,863,080 ლარი). 

“ჩვენი ავტომობილების რეალიზაციები განპირობებულია ტენდერებში გამარჯვებით და არა ზეპირი მოლაპარაკებების საფუძველზე.

ასევე გვსურს გავაკეთოთ განმარტება ფორდის მარკის ავტომობილებთან დაკავშირებით. იმის გამო, რომ ფორდი არის ჩვენი კონკურენტი ბრენდი, ჩვენ შეფასებული გვყავდა მისი ავტომობილები, ამიტომ შეგვიძლია მოგახსენოთ, რომ შკოდას უპირატესობა ტენდერში ცალსახად განპირობებული იყო შემდეგი ფაქტორებით: ფორდის მარკის ავტომობილების ღირებულება, ისევე როგორც ფლობის შემდგომი სერვისი და საწვავის ხარჯი იყო ბევრად უფრო მაღალი, ვიდრე შკოდას ავტომობილების.  ამ ყველაფრის შესახებ უფრო კონკრეტული და დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია შსს მომსახურების სააგენტოდან.

ასევე საყურადღებოა, რომ 2014 წელს, მაშინ როდესაც სახელმწიფო უწყებების მიერ შეძენილი იქნა  160 ერთეული ფორდის მარკის ავტომობილი, იმავე პერიოდში  ამავე უწყებების მხრიდან, მოხდა 200 ერთეული შკოდას ავტომობილის შეძენა. ამის ძირითადი მიზეზი კი იყო შკოდას სანდოობა და წარსულში ფლობის გამოცდილება“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

“სააგენტოს მიერ სატენდერო დოკუმენტაციებით შესყიდვის ობიექტების ტექნიკური პარამეტრები განსაზღვრულია ფიქსირებულად (რისი აუცილებლობაც არ არსებობდა), რაც განაპირობებს არაკონკურენტულ ტენდერებს და, შესაბამისად, მაღალფასიან შესყიდვებს”, – ასეთ დასკვნამდე მივიდა სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელმაც სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2015–17 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი განახორციელა.

დასკვნაში რამდენიმე კონკრეტული მაგალითია განხილული. კერძოდ, განხილულია მაგალითი, როდესაც 2014 წლის 4 ივლისს შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საჭიროებისთვის 200 ერთეული ავტომანქანის შესაძენად (შემდგომი გადაცემის მიზნით) სააგენტომ გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით 8,420.9 ათასი ლარი. ტენდერში უკონკურენტოდ გაიმარჯვა “იბერიასერვისმა”. თუმცა საბოლოოდ ამ კომპანიამ ტენდერით გათვალისწინებულ თანხაზე მეტი მიიღო, რადგან ხელშეკრულება გაუფორმდა 4,760.0 ათასი აშშ დოლარზე, პროდუქცია მიწოდებული იქნა ეტაპობრივად და ჯამურად გადახდილი იქნა 9,844.3 ათასი ლარი.

“ზემოაღნიშნული შესყიდვის განხორციელებისას არ არის უზრუნველყოფილი კანონმდებლობით გათვალისწინებული რაციონალური ხარჯვის ვალდებულება”, – ასკვნის აუდიტის სამსახური.

“თუ ვივარაუდებთ, რომ ლარის გაუფასურების გამო ადგილი ჰქონდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევას, ხელშეკრულების ღირებულების ლარში დაფიქსირების შემთხვევაში დასაშვები იქნებოდა მისი 10%-ით გაზრდა. ამ შემთხვევაში ხელშეკრულების ღირებულება გაიზრდებოდა 9,263.0 ათას ლარამდე”, – ნათქვამია აუდიტის დასკვნაში.

ამ საკითხზე სტუდია “მონიტორის” მიერ მომზადებულ მასალაშიცაა საუბარი, კერძოდ, როგორც “მონიტორი” იუწყება, 2017 წლის 14 ივლისს დასრულდა შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ 3-მილიონიან ტენდერში საბუთების მიღება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შესყიდვის საგნად აღწერილია ისეთი მოდელის მანქანა, როგორიცაა შკოდა, რომელიც მხოლოდ ერთ კომპანიას შემოჰყავს საქართველოში, ესაა შპს “იბერიასერვისი”, რომლის ერთ–ერთი მფლობელი ამჟამინდელი სპორტის მინისტრი –  ტარიელ ხეჩიკაშვილია, თუმცა მის წილს ახლა ავთანდილ ხეჩიკაშვილი განკარგავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი