ახალი ამბები

მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე იმსჯელა

3 აგვისტო, 2017 • 1971
მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნაზე იმსჯელა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა ამერიკელ კონგრესმენებთან საქართველოს საკითხზე აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ იმსჯელა

ადმინისტრაციის ცნონითვე, ამ შეხვედრას საქართველოში აშშ-ის ელჩი იან კელიც ესწრებოდა.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა აშშ-ის ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოს საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.

“დავბრუნდი, რათა გამემეორებინა ვიცეპრეზიდენტის ნათქვამი, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. მადლიერებას გამოვხატავ ქართველი და ამერიკელი ხალხების ჭეშმარიტი მეგობრობის გამო. ჩვენ განვიხილავთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს, რომელიც იმუშავებს ვიცეპრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. პრეზიდენტ ტრამპს განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებთან და მან ეს გარკვევით აღნიშნა ვარშავაში ვიზიტისას,” – კონგრესმენ ჯო უილსონის კომენტარს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გიორგი მარგველაშვილის ეს ინიციატივა, რომ აშშ-ის პრეზიდენტს საქართველოს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დაენიშნა, პრეზიდენტსა და ხელისუფლებას შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზი გახდა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ,  გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ ეს არ იყო კომპეტენტური წინადადება და ინიციატივა შეთანხმებული უნდა ყოფილიყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი