ახალი ამბები

კირვალიძე: რუსეთის ბაზრის გახსნა ექსპორტს 25%–მდე გაზრდის

22 აპრილი, 2013 • 1140
კირვალიძე: რუსეთის ბაზრის გახსნა ექსპორტს 25%–მდე გაზრდის

“ძირითადი აქცენტი კეთდება რუსეთის ბაზრის მიმართულებით. 60–ზე მეტმა კომპანიამ უკვე მიიღო თანხმობა, ხოლო 7-მა კომპანიამ დაარეგისტრირა თავისი პროდუქცია.  პროცესი გრძელდება და პირველი საექსპორტო პარტიების რუსეთის ბაზარზე გატანა უახლოეს მომავალში იგეგმება. ასევე წარმატებით დასრულდა 1 აპრილს მოსკოვში გამართული მოლაპარაკებები ქართული სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის რუსეთში ექსპორტთან დაკავშირებით. სადღაც ზაფხულში ბაზარი უკვე ხსნილი იქნება”, – განაცხადა დავით კირვალიძემ.

 

მინისტრის თქმით, პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთში, ზურაბ აბაშიძე, მუშაობს იმ საკითხზე, რომ მათთვის, ვისაც პროდუქციის საზღვარზე გადატანა მოუწევს, სავიზო რეჟიმი შემსუბუქდეს. კირვალიძის თქმით, ზურაბ აბაშიძის საშუალებით მოლაპარაკება მიდის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან.

 

დავით კირვალიძის განცხადებით, გარდა რუსეთის ბაზრისა, პარალელური მოლაპარაკებები მიდის სხვა ქვეყნებთანაც. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, იმ ქვეყნების პირველი ხუთეული, სადაც ქართული ღვინის ექსპორტი ხორციელდება, შემდეგნაირად გამოიყურება: უკრაინა, ყაზახეთი, ბელორუსია, ჩინეთი და პოლონეთი. ამ ქვეყნებს შორის კი 47%–ით უკრაინა ლიდერობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი