ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, წუხელ, გვიან ღამით, ბათუმის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიიდან დაჭრილი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„გამოძახება გვქონდა ღამის 2 საათიდან 3 საათის შუალედში, იყო დაჭრის ფაქტი, პოლიციელი დაჭრილი იყო წინა მხრის არეში ცეცხლსასროლი იარაღით. პოლიციელი გადავიყვანეთ რესპუბლიკურ საავადმყოფოში“.
სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა გადაყვანის დროს სტაბილური იყო. დაჭრილი პოლიციელი 30-იდან 35 წლამდეა.
შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ, რომ პოლიციელის დაჭრის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. თუმცა ამბობენ, რომ საქმეს პროკურატურა იძიებს. პროკურატურის პრესსამსახურში „ბათუმელების“ ზარებს არ უპასუხეს.