სამინისტროს შენობის წინ აქციის მონაწილეებმა შეკრება 3 საათიდან დაიწყეს. უფრო ადრე კი ჟურნალისტები და აქციის ტექნიკური მხარის უზრუნველსაყოფად მოსული ჯგუფი მუშაობდნენ. მანიფესტაციის უშუალო დაწყებამდე რამდენიმე მონაწილემ უარი თქვა ესაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც აქციაზე მივიდა -” მამაო აქ არის და მე რას მეკითხები” – მოკლედ თქვა მან. ერთ–ერთმა მონაწილემ კი ჟურნალისტის მოწმობა მოითხოვა, თუმცა ინტერვიუს მაინც არ დათანხმდა.
აქცია ანჩისხატის მომლოცველთა კრებულის ორგანიზებით ჩატარდა, რომლებსაც სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. ისინი ერთმანეთს ენაცვლებოდნენ და სიტყვით მიმართავდნენ აქციის მონაწილეებს. ადგილზევე გაავრცელეს საკუთარი პოზიციაც:
“სასულიერო პირები და მრევლი გამოხატავენ წყენას 30 000 ხელმომწერთა დღმდე დაუკმაყოფილებელი მოთხოვნის გამო ელექტრონული მოწმობების ალტერნატივასთან დაკავშირებით. აგრეთვე, მართლმმადიდებელ მოქალაქეთა კრებულის ორგანიზატორები უკმაყოფილებას გამოთქვამენ იუსტიციის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებულ პლებიცისტური გამოკვლევის მიმართ, სადაც კითხვაში არ არის გათვალისწინებული ხელმომწერთა ინტერესი. “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი–ASSA” სვამს კითხვას ამგვარად- “მოგწონთ თუ არა ID ბარათი? ასეთი კითხვით პლებისციტი უნდა ჩატარებულიყო მაშინ, როცა ID ბარათი შემოიღეს და თავს მოახვიეს საზოგადოებას. დღეს აქტუალური იქნებოდა, კითხვა ასეთი ფორმით დასმულიყო, თანახმანი არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ალტერნატიული საბუთის დაშვებაზე? ალტერნატივაზე თითქმის ყველა თანახმაა და ამ კითხვას რატომღაც თავს არიდებენ”– ნათქვამია მათ განცხადებაში.
მათივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო არ ავრცელებს ინფორმაციას ელექტრონული მმართველობის და ტოტალური კონტროლის საშიშროების შესახებ:
“სახელი და გვარი კი არაა საბუთში საშიში, არამედ ელექტრონულ მმართველობასთან დამაკავშირებელი ჩიპი, რომელიც კონტროლის მექანიზმის საშუალებაა” – ნათქვამია განცხადებაში.
აქციის და ხელმომწერთა მთავარ მოთხოვნად ID ბარათის ბიომეტრიული პასპორტის აღების ნებაყოფლობითობა და ფულადი ერთეულით გადახდის შესაძლებლობის შენარჩუნება დარჩა.
შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს იუსტიციის სამინისტროს Youtube-ის ოფიციალურ არხზე აიტვირთა ვიდეო, რომელიც თითქმის 6 წუთს გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში მაყურებელს უხსნიან, რას წარმოადგენს ID ბარათი და რა უპირატესობა აქვს მას.
“პირადობის ახალი მოწმობა, ე.წ. აიდი ბარათი, საქართველოს მოქალაქის დოკუმენტია და პირის ვინაობას ადასტურებს. მასზე დატანილია სახელი, გვარი, მოქალაქეობა, დაბადების თარიღი და ადგილი, სქესი, პირადი ნომერი, ფოტო, ბარათის გამცემი ორგანო, გაცემის თარიღი, მოქმედების ვადა და ხელმოწერა. ეს ინფორმაციები, რასაც თვალით ვხედავთ – და მეტი არაფერი სხვა – ინახება ე.წ. ჩიპზეც, რომელიც პირადობის მოწმობის მახსოვრობის ბარათია და იცავს მას გაყალბებისგან.
ცრუა მოსაზრება იმის შესახებ, რომ აიდი ბარათი ანტიქრისტეს ბეჭედია, ან რომ მასზე არის მხეცის ნიშანი. ეს რომ ასე არაა, ამას წმინდა სინოდის გასული წლის დადგენილებაც ადასტურებს. მართლაც, სამოქალაქო რეესტრმა იკისრა და შეასრულა ვალდებულება, რომ არც ერთ გაცემულ აიდი ბარათზე მიწყობილად სამი ექვსიანი არსად ფიგურირებს და არც მომავალში იქნება”– ნათქვამია ვიდეოში.
იუსტიციის სამინისტრომ ID ბარათების გაცემა საქართველოში 2011 წლის 1 აგვისტოს დაიწყო, რის შემდეგაც, სამინისტროს მონაცემით, ბარათი ნახევარ მილიონზე მეტმა მოქალაქემ აიღო. ID ბარათების შემოღებას დღემდე ეწინააღმდეგებიან მართლმადიდებლების ნაწილი, იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმინდა სინოდმა ამ თემაზე 2012 წლის ივნისში განცხადება გაავრცელა და მრევლს უთხრა, რომ ამ ბარათით სარგებლობა შეუძლიათ.
“სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი, აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია. თუმცა, ვინაიდან ეს საკითხი საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს, ეთხოვა საქართველოს მთავრობას, თუ არის შესაძლებელი, დაშვებული იყოს ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი საშუალებები,”- განაცხადა საპატრიარქომ.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერვიუში მრავალჯერ ისაუბრა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაც. მან განაცხადა, რომ ID ბარათი წინა ხელისუფლებამ ისე მოახვია თავს საზოგადოებას, რომ წინასწარ მასთან კონსულტაციები არ გაუმართავს.
იუსტიციის მინისტრმა თავად აიღო ID ბარათი და როდესაც მის მისაღებად იუსტიციის სახლში განცხადება შეიტანა, აღნიშნა, რომ შესაძლოა დაიწყონ ფიქრი, ხომ არ უნდა იყოს ID ბარათის აღება არჩევითი.
“მე ავიღე ბარათი და მგონია, რომ ეს ერთ-ერთი გზაა, რომ თანამედროვე ადამიანმა ცხოვრება გაიადვილოს. არ არის გამორიცხული, ჩვენ დავიწყოთ ფიქრი იმაზე, არჩევითი ხომ არ უნდა იყოს და არჩევანის უფლება ხომ არ უნდა მივცეთ იმ მორწმუნე მოქალაქეებს, რომლებსაც არ უნდათ ID ბარათის აღება”, – განაცხადა წულუკიანმა და დასძინა: “ ყოველ შემთხვევაში მე, როგორც მართლამდიდებელმა მორწმუნემ, ჩავთვალე საჭიროდ, რომ ID ბარათი მჭირდებოდა და მოვედი დღეს მის ასაღებად”.