ახალი ამბები

მერაბიშვილი: ჩვენ პირველ გამარჯვებას უკვე მივაღწიეთ

19 აპრილი, 2013 • • 1086
მერაბიშვილი: ჩვენ პირველ გამარჯვებას უკვე მივაღწიეთ

“ყველას დიდი მადლობა აქ მობრძანებისათვის. მე მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი დღე, 19 აპრილი უკვე შევიდა საქართველოს ისტორიაში. დღეს თქვენი აქ მობრძანებით ისტორიას ჩააბარეთ საფრთხე, რომლის წინაშეც საქართველო იდგა. ამის მერე ვერავინ, ვერც ივანიშვილი, ვერც მისი მინისტრები, ვერც ვლადიმერ პუტინი და ვერც ვერავინ ვერ გაბედავს, რომ იოცნებოს, საქართველო ოდესმე დაშორდება ევროპას. დღევანდელი ვერც ერთი პოლიტიკური ლიდერი ვეღარც გაიფიქრებს სიზმარში, ხომ არ დავბრუნდეთ უკან. დღევანდელმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი ხალხი, ვინც არ დაუშვებს საქართველოს უკან დაბრუნებას, დღევანდელ დღეს დაესვა წერტილი ნებისმიერ საფრთხეს. მე ვარ ბედნიერი კაცი იმიტომ, რომ როცა 90–იან წლებში დაიწყო ეროვნული მოძრაობა,   200, 300 და 1000 კაცი გამოდიოდა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა.  დღეს, 2013 წელს, როცა დადგა საფრთხის ქვეშ საქართველოს ორიენტაცია, ათიათასობით ადამიანი გამოვიდა თბილისის ქუჩებში. ამიტომ მე დღეს ვაფრთხილებ დღევანდელ ხელისუფლებას: ხელები შორს საქართველოს დამოუკიდებლობისაგან. მე ვხედავ აქ ჩვენს აზერბაიჯანელ და სომეხ მეგობრებს. მე ვარ ბედნიერი, რომ დღეს ჩვენ, საქართველოში ერთად მცხოვრები ეთნიკური ჯგუფი, ყველა რელიგიის წარმომადგენელი ვდგავართ ერთად და ვიცავთ ჩვენს საქართველოს და ყველამ ერთად ჩვენი მტრის გასაგონად შევძახოთ: სა–ქარ–თვე–ლო!

 

ბატონებო, ჩვენ პირველ გამარჯვებას უკვე მივაღწიეთ და ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. მე მინდა გითხრათ, სამწუხაროა, რომ ჩვენი მთავრობაში ყოფნის დროს ბევრი რამე ვერ მოვასწარით და ჩვენი დამარცხების 6 თვის თავზე ბევრი ვიფიქრეთ, ბევრ ადამიანს შევხვდით და მივხვდით, რომ მთავარი, რაც ვერ მოვასწარით , ეს არის ის, რომ თითოეულ ოჯახში ვერ შევედით”, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. მისივე თქმით, მთავარი პრობლემა, რაც მისმა ხელისუფლებამ ვერ მოაგვარა, უმუშევრობაა და თუ მას ამჟამინდელი ხელისუფლებაც ვერ გაუმკლავდება, მერაბიშვილი მისი შეცვლის პირობას დებს.

 

ვანო მერაბიშვილმა ასვე მოუწოდა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და თქვა, რომ მთელი თავისი დრო, ენერგია და ფული მოახმაროს საართველოს კეთილდღეობას და თავი გაანებოს ნგრევას. 

მასალების გადაბეჭდვის წესი