ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ”ნაციონალების” აქციაზე ვერანაირი სიურპრიზი ვერ ვნახე

19 აპრილი, 2013 • • 1784
ღარიბაშვილი: ”ნაციონალების” აქციაზე ვერანაირი სიურპრიზი ვერ ვნახე

”ჩვენ მოვისმინეთ 2 თვის წინ, რომ ისინი აპირებდნენ რაღაც განსაკუთრებული აქციის ჩატარებას, მოლოდინი იყო ძალიან დიდი, ისინი

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

რაღაც სიურპრიზებს სთავაზობდნენ მოსახლეობას.  თუმცა მე ვერანაირი სიურპრიზი ვერ ვნახე. ერთადერთი სიურპრიზი იყო ის, რომ მათ რეალურად მოიყვანეს ამომრჩევლის 0.1, 0.2 პროცენტი, დახლოებიოთ 5-6 ათასი კაცი იყო მოსული. ეს არის შეფასება”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ჟურნალისტ ვახო სანაიას კითხვაზე, შსს ითვლიდა თუ არა აქციის მონაწილეებს, ან საიდან აქვს მინისტრს ეს ინფორმაცია, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ბი-ბი-სიმ დაწერა, რომ აქციაზე 6 ათასი კაცი იყო მისული. 

 

”მათი მცდელობაა, რომ განახლებული სახეებით წარდგნენ საზოგადოების წინაშე, განახლებული ბოკერია, განახლებული მერაბიშვილი. ისინი აპირებენ, რომ გარკვეული რებრენდინგი გაუკეთონ ნაციონალურ მოძრაობას და დაიწყონ ეროვნული მოძრაობა. უფრო სიღრმეებში მე არ წავალ, ზოგადად ასეთი  განცხადებების გაკეთება ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მე მაქვს ამის უფლება, მე ვარ პოლიტიკური თანამდებობის პირი”, – განაცხადა შს მინისრმა. 

 

მან ასევე ისაუბრა პოლიციის მიერ აქციის დროს თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულებაზე.

 

”მე არ შემიძლია არ აღვნიშნო დღევანდელი პოლიციის როლი ამ აქციის დაცვის კუთხით, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის კუთხით. ჩვენ დავაწესეთ ახალი სტანდარტი და ვიხილეთ, თუ როგორი ეფექტური შეიძლება იყოს დეპოლიტიზებული პოლიცია. ჩვენ წლების განმავლობაში ვხედავდით, თუ როგორ იყო ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში პოლიცია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, პოლიცია გავხადოთ რეალურად დეპოლიტიზებული, ჩვენ ამას პრაქტიკულად უკვე მივაღწიეთ. თქვენ ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, როცა ჩვენ პოლიცია გამოვიყენეთ პოლიტიკური მიზნებისთვის”, – თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

ვახო სანაიამ მინისტრს შეახსენა პოლიციელთა მიერ ნაციონალური მოძრაობის პლაკატების ჩამოხევის ფაქტი, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა: ”ჩვენ დაახლოებით ერთი თვის წინ დავაჯარიმეთ ერთ-ერთი აქტივისტი იმის გამო, რომ ის აკრავდა პლაკატებს იმ ადგილას, სადაც არ შეიძლებოდა. ჩვენ ვიმოქმედეთ კანონის სრული დაცვით, ჩვენ ისინი გავაფრთხილეთ და დავაჯარიმეთ. წინა დღეების განმავლობაში ერთსა და იმავე ადგილას ხდებოდა პლაკატების გაკვრა და პოლიციამ ვინაიდან ვერ შეაჩერა ეს, პირადი ინიციატივით გადაწყვიტა ამ პლაკატების ჩამოხევა. ეს იყო პირადი ინიციატივა, მე არ მომეწონა ეს. პლაკატის ჩამოხევა არ არის პოლიციის ფუნქცია”.

 

”ღია ეთერის” წამყვანმმა შს მინსიტრს ასევე შეახსენა ”ნაციონალების” განცხადება, რომლის მიხედვითაც მათ აქციაში მონაწილეობას პოლიციელებიც გეგმავდნენ.

 

”მე მოვუწოდე იმ პოლიციელებს, რომლებიც მუშაობენ სისტემაში, რომ ამ სპექტაკლში ნუ მიიღებდნენ მონაწილეობას, ეს იყო ჩემი მოწოდება. როგროც ჩანს, მათ ეს გეგმა შეცვალეს და ეს არ მოხდა. იყო ინფორმაციები, რომ გარკვეული პროვოკაციები იყო დაგეგმილი, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგად გავართვით თავი”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი