
18:00 – საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლის შემდეგ აქცია დატოვა.
17:50 – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვანო მერაბიშვილმა აქცია დატოვა იმ დროს, როცა სიტყვით პრეზიდენტი სააკაშვილი გამოდიოა.
17:45 – აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა:
“ვერ წარმოიდგენთ, როგორი ამაყი ვარ, რომ დღეს აქ გხედავთ, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიყვარხართ და მეყვარებით ყოველთვის”, – განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, პოლიტიკაში პრივილეგიებისთვის არ მოსულა: “იმიტომ მოვედი, რომ თქვენ მომიყვანეთ, მიყვარხართ და თქვენთვის მოვკვდები.
ბოლო შვიდი თვე თქვენ გაპატიმრებდნენ, გაშინებდნენ, სამსახურიდან გაგდებდნენ, კუთხეში გაყენებდნენ, მაგრამ თქვენ მაინც მოხვედით აქ, თქვენ მაინც დადექით და მაინც ბევრი ვართ. არის ერთი რამ, რაც დღეს ბევრს არ ესმის, ყველაფერი მილიარდებით არ იყიდება.”
სააკაშვილის თქმით, მისი მთავრობა იყო იმედიანი და ოპოზიცია – ბრაზიანი: “ახლა ვართ იმედიანი ოპოზიცია და მივიღეთ ბრაზიანი მთავრობა. საქართველოში უნდა იყოს იმედიანი ოპოზიცია, იმედიანი მთავრობა, იმედიანი საზოგადოება!”
პრეზიდენტის განცხადებით, დღევანდელი დღეს არის მთავრობის გამოღვიძების დღეც, რომელსაც, სააკაშვილის თქმით, მისმა ხელისუფლებამ დაუტოვა კომფორტული კაბინეტები, დაგებული გზები და მილიარდობით ლარი ბიუჯეტში.
“მთავრობამ თქვა, რომ ჩვენი ოპოზიცია უნდა იყოს ნინო ბურჯანაძე, რომელიც პუტინის მეგობარია,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მისი თქმით, ეს იმისთვის კეთდება, რომ საზოგადოება დააყენონ ცუდსა და უარეს არჩევანს შორის: “ან კრემლის მეგობარი ბურჯანაძე, ან ნახევრად კრემლის მეგობარი მთავრობა”.
პრეზიდენტის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს “ჩვენს დასახმარებლად აგუტინი კი არ ჩამოსულა, ჩამოვიდა პრეზიდენტი კაჩინსკი, ბაიდენი.”
იგი მთავრობის მიერ გუშინ გასაჯაროებულ დოკუმენტებსაც გამოეხმაურა, რომლითაც აღმოჩნდა, რომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის აბანოს ხარჯებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან 591 ლარი დაიხარჯა:
“იუშენკოს საქართველოს მთავრობამ გუშინ გაუგზავნა საპნისა და შამპუნის ანგარიში. ასეთი საქართველო გვინდა, სადაც მეგობრებს ასე ხვდებიან? ჩვენ ონიშენკოს ბოდიშს უნდა ვუხდიდეთ და იუშენკოს აბანოს ანგარიშს უნდა ვუგზავნიდეთ?!” – განაცხადა სააკაშვილმა.
17:36 – აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.
“ბატონებო, ჩვენ პირველ გამარჯვებას უკვე მივაღწიეთ და ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გასაკეთებელი. მე მინდა გითხრათ, სამწუხაროა, რომ ჩვენი მთავრობაში ყოფნის დროს ბევრი რამე ვერ მოვასწარით და ჩვენი დამარცხების 6 თვის თავზე ბევრი ვიფიქრეთ, ბევრ ადამიანს შევხვდით და მივხვდით, რომ მთავარი, რაც ვერ მოვასწარით, ეს არის ის, რომ თითოეულ ოჯახში ვერ შევედით”, – განაცხადა მერაბიშვილმა.
ვანო მერაბიშვილმა ასვე მოუწოდა პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს და თქვა, რომ მთელი თავისი დრო, ენერგია და ფული მოახმაროს საართველოს კეთილდღეობას და თავი გაანებოს ნგრევას.
17:35 – აქციია მონაწილეებს სიტყვით მიმართა თბილისის მერმა გიგი უგულავამ:
“დღეს აქ იბადება ახალი ოპოზიცია, დღეს აქ იბადება ახალი ევროპული საქართველო. დღეს საქართველო ნამდვილად უკეთესია, ვიდრე იყო 2004 წელს და გვინდა, რომ კიდევ უკეთესი იყოს. არ გვაქვს უკან დახევის და შეჩერების ფუფუნება. ეს 9 წელიწადი იყო რთული წლები, ბევრ რამეს მივაღწიეთ და ბევრ რამეში შეიძლება შეცდომაც დავუშვით, მადლობა ქართველ ხალხს, რომ გამოგვაფხიზლა და დაგვანახა, რომ ბევრი ადამიანის ადგილი არ იყო ჩვენ გვერდით, იმ მედროვეების, რომლებიც გადაიბარა “ქართულმა ოცნებამ”.
მე მინდა ვუთხრა ბიძინა ივანიშვილს, რომ არ არსებობს ორი საქართველო, საქართველო ერთია და იმ საქართველოს უნდა ემსახურონ, რომელიც მიდის ევროპისკენ. ევროპული საქართველო დიდია და გააერთიანებას ყველას. ჩვენ არ ვყოფთ საქართველოს, ჩვენ არ გვინდა ცისფერ და წითელ ფერებად გაყოფილი საქართველო.”
17:32 – ხედი აქციაზე კინოთეატრ “რუსთაველის” მეორე სართულიდან. 
16:54 – აქციაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი მივიდა.

16:49 – საპარლამენტო უმცირესობის წევრმა აკაკი ბობოხიძემ მიმართა სიტყვით აქციის მონაწილეებს, მისი თქმით, “ქართული ოცნება” და საქართველოს მთავრობა “ნელ-ნელა გვაპარებს პრორუსულ ბაცილას”:
“ბატონმა ვანომ თქვა და მინდა გავიმეორო, ჩვენ ვერ ვაცლით ამ ხელისუფლებას ოთხი წელი, ჩვენ წინ გველოდება საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები,” – განაცხადა ბობოხიძემ.
მისი თქმით, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ახალი ეტაპი დაიწყო და ყველა მოქალაქე, ნებისმიერი პარტია უნდა შეურთდეს ამ ბრძოლას.
16:43 – რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეები ელოდებიან საქართველოს პრეზიდნეტის, მიხეილ სააკაშვილის მისვლას. აქციაზე უკვე იმყოფება “ნაცმოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი.
16:38 – აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ, რომელიც აქციის მონაწილეებს გიორგი ვაშაძემ წარუდგინა, როგორც “ახალი ეროვნული მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი”.
“მოგესლამებით ყველას, ჩემო მეგობრებო, დებო, ძმებო, დედებო, მამებო, შვილებო, ბებიებო, ბაბუებო იმიტომ, რომ დღეს საქართველოს ყველა თაობა აქ არის ყველა კუთხიდან, ყველა რეგიონიდან. ათიათასობით ღირსეული ადამიანი შეიკრიბა აქ, რომ გამოხატოს თავისი პოზიცია და დააფიქსიროს ის, რომ ჩვენს ქვეყანაში არის ძალიან ბევრი პატრიოტი, რომელიც არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის უკან დაბრუნებას, რომელიც არ დაუშვებს ჩვენი ქვეყნის არჩეული კურსიდან გადახვევას და რომელსაც გული უძგერს იმისთვის, რომ დადგეს ყველგან და ყოველთვის იქ, სადაც ითხოვს სამშობლოს ინტერესი. მე მინდა განსაკუთრბეული მადლობა გითხრათ ყველას აქ მოსვლისთვის, რომ არ დაიზარეთ და დილიდან ჩამოხვედით რეგიონებიდან, აქ თქვენი პოზიცია რომ გამოგეხატათ.
მადლობა მინდა გითხრათ, რომ აქ მოხვედით და ყველას დაანახეთ, რომ ხმები ჩვენი გარდაცვალების შესახებ გადაჭარბებულია, ჩვენ ცოცხლები ვართ, ჩვენ ბევრნი ვართ, ჩვენ ერთად ვართ. მე ამას არ ვსაუბრობ მხოლოდ პარტიული გადმოსახედიდან, მე არ მივმართავ მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრებს, რადგან დღევანდელი დღე არ არის მხოლოდ პარტიული დღე. კითხეთ აქ მოსულ ათიათასობით ადამიანს, რამდენი არის პარტიის წევრი“, – ასე მიმართა აქციის მონაწილეებს დავით ბაქრაძემ.
16:28 – აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა:
“მოგესალმებით, ვინც აშენებდით 9 წლის მანძილზე საქართველოს სახელმწიფოს, იუსტიციის სისტემას, აშენებდით სკოლებს, ბაღებს, ჯარს, ვინც გაანათა ეს ქვეყანა.”
რატიანის თქმით, საქართველო არ უნდა დარჩეს რუსეთის გავლენის სფეროში, ეს არის შეცდომა და ასეთი შეცდომა არ ეპატიება ხელისფლებას.
16:12 – რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის ძველი შენობის წინ უკვე ” დაიწყო ნაციონალური” მოძრაობის აქცია. აქციის მონაწილეებს სიტყვით პარლამენტარი გიორგი ვაშაძე მიმართავს. მან აღნიშნულ აქციას ახალი ეროვნული მოძრაობის დასაწყისი უწოდა. აქციაზე არ იმყოფება “ნაცმოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი.
“ეს არ არის უბრალოდ გულზე მჯიღის ცემა. ეს არის დღე და ღამე შენი ქვეყნისთვის, შენი სამშობლოს ინტერესებისთვის ბრძოლა, ეს არის ახალი ეროვნული მოძრაობა. ეს არ არის ლამაზი სადრეგრძელო, ეს არის დღე და ღამე ფიქრი თუ რა შეგიძლია გააკეთო შენი ქვეყნისთვის, როგორ შეგიძლია ის ერთი აგური დადო შენი ქვეყნის მშენებლობისთვის, რაც ასე ძალიან სჭირდება შენს ქვეყანას. ახალი ეროვნული მოძრაობა ეს არის სრულიად ახალი შესაძლებლობა, რომ მთელს მსოფლიოს გავაცნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, რომ მთელ ქვეყანას გავაცნო ჩვენი მიზნები”, – მიმართა აქციის მონაწილეებს გიორგი ვაშაძემ.
15:42 – საპროტესტო აქციის დაწყებამდე ორგანიზატორები აქციაზე მისულებს მუსიკალურ ნომრებს ასმენინებენ. უკვე დაუკრეს “აფხაზეთო”, “ჩვენ ერთი გუნდი ვართ” და საქართველოს ჰიმნი.


15:41 – აქციის მონაწილეებს, რომლებიც აცხადებენ, რომ მოსკოვიდან ჩამოვიდნენ საკუთარი ინიციატივით, თან აქვთ რუსულ ენაზე დაწერილი ტრანსპარანატები. ისინი პრემიერ–მინისტრ ბიძინა ივანიშვილს რუსულად მოუწოდებენ, “წადი სახლში… კრემლში”.


15:30 – აქციის ერთ-ერთი მონაწილის განცხადებით, აქცია კრეატიული ჯგუფის “თავისუფალი ზონის” წარმომადგენლების პერფორმანსით დაიწყო, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს, თუ როგორ იპყრობს კრემლი საქართველოს და შემდეგ როგორ ამარცხებს მას ქართული ჯარი.
15:10 – აქციაზე რამდენიმე ადამიანი მივიდა, რომლებიც აქციას ეწინააღმდეგებიან და 26 მაისის გამოძიებას ითხოვენ.
პენსიონერთა ასოციაციის წარმომადგენელი ქეთევან თევდორაძე ამბობს, რომ 26 მაისს მას და მის დას ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, რაზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა:
“მერაბიშვილთან მაქვს მთავარი შეკითხვა, რომ იძახის გაკვეთილები გავიარეთო, გაკვეთილები გაიარეს მაგათ რბევის, სამსახურიდან გაგდების, 26 მაისს გალახვის. მაინტერესებს, როდის იქნება ჩვენი საქმე გამოძიებული”, – აცხადებს ქეთევან თევდორაძე.
15:00 – პოლიციამ რუსთაველის გამზირი გადაკეტა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აქციის დეკლარირებული მიზანია საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მხარდაჭერა და რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე ქვეყნის შესაძლო დაბრუნების გამო პროტესტის გამოხატვა.
თვალი ადევნეთ თბილისში მიმდინარე აქციას. ნეტგაზეთი გთავაზოთ განახლებად რეჟიმს. ინფორმაციის გასაახლებლად გადატვირთეთ ბრაუზერი.
